ახალი ამბები

ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: გამოწვევა უსაფრთხოებისთვის – TI

4 მაისი, 2020 •
ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: გამოწვევა უსაფრთხოებისთვის – TI

“კოვიდ-19″ -ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში, რომელიც რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებასა და თანმდევ საფრთხეებს შეეხება. ორგანიზაცია აღნიშნული დამოკიდებულების ძირითად მიმართულებებზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებსაც აძლევს მის მინიმუმამდე შესამცირებლად.

საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ორგანიზაციის შეფასებით “ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს”.

“რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება შეინიშნება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმში და რუსული ხორბლის იმპორტში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ექსპორტი

კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანა აღდგა(2013 წ.), 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 487%-ით გაიზარდა და 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს კი საქართველომ რუსეთში 497 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 2.8%-მდეა.

“2020 წლის პირველ კვარტალში „კოვიდ 19”-ის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია, მათ შორის- ვაჭრობაშიც. მარტში საქართველოს ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-მარტის ჯამური ექსპორტი 6%-ით არის შემცირებული”, – აღნიშნულია ანგარიშში, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში, ჯამში, 11.7%-მდე შემცირდა.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 133 მლნ აშშ დოლარით. გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 244%-ით გაიზარდა, ანუ, ჯამში, 158 მლნ აშშ დოლარით. აქედან 110 მლნ რუსულ ბაზარზე მოდის.

“…ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ძირითადად კახეთის მოსახლეობაა დამოკიდებული და ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, ზარალიც დიდწილად მათ აწვებათ, როცა ბევრ ოჯახს შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია”, – აღნიშნავს “გამჭვირვალობა” და ხაზს უსვამს, რომ ღვინის ექსპორტის ასეთი მაღალი დამოკიდებულება რუსეთზე პოლიტიკური რისკების მატარებელია.

იმპორტი

ორგანიზაციის თქმით, საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს: უფრო მეტი პროდუქცია შემოაქვს, ვიდრე გააქვს. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტმა 976 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%).

რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (20%) ბენზინს უჭირავს, შემდეგ კი მოდის ხორბალი -2019 წელს საქართველომ რუსეთიდან 91 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოიტანა. ამ მონცემებით საქართველოში სასურსათო მოხმარებაში ხორბლის 70%-მდე რუსეთზე მოდის. თუმცა 2015 წელთან შედარებით, როცა რუსული ხორბლის წილი 82%-ს აღწევდა, შემცირების ტენდენცია აღინიშნება.

“2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 72 ათასი ტონიდან 87 ათას ტონამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული ხორბლის 100% რუსული ხორბალი იყო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

“რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ასეთი მაღალი დამოკიდებულებაც გარკვეული საფრთხის შემცველია, რადგან პოლიტიკური ან სხვა მიზეზების გამო რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტის შეწყვეტა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხორბლის დეფიციტს გამოიწვევს და პურის ფასს გაზრდის.

ამის დამადასტურებელი ის მოვლენებია, რომლებიც რამდენიმე კვირაა რუსული ხორბლის გარშემო მიმდინარეობს. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო რუსეთმა საკუთარი ხორბლის ექსპორტი მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ფაქტობრივად შეაჩერა”, – წერს ორგანიზაცია.

ტურიზმი

“გამჭვირვალობის” თანახმად, 2019 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან ტურიზმი 31%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან ტურიზმში მისმა წილმა 18%-ს მიაღწია. თუმცა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და პირდაპირი ფრენების შეჩერება ამ მაჩვენებელზე მკვეთრად აისახა. 2019 წელს რუსი ვიზიტორების რაოდენობა 4.8%-ით მაინც გაიზარდა (წლის პირველი ნახევრის ხარჯზე) და, ჯამში, 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა მისი წილი 15.7%-მდე შემცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით შემცირდა – 82 ათასით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში.

” “კოვიდ-19- ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას აუკრძალავდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 700 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილი საზღვრები, საუკეთესო შემთხვევაში, 2020 წელს საქართველოს ტურიზმიდან ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დააკარგვინებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ფულადი გზავნილები

ბოლო წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია აქვს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის თქმით, 2019 წელს გადმორიცხული 429 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს მშპ-ის მიმართ 2.3%) მნიშვნელოვანი თანხაა.

2016-2018 წლებში რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაბალი ტემპით იზრდებოდა, 2019 წლიდან კი მან კლება დაიწყო. 2019 წელს რუსეთიდან გზავნილები 6.2%-ით (11 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა.

2020 წელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებით დაიწყო: იანვარში 5.2%-ით შემცირდა, თებერვალში – 9.3%-ით, ხოლო მარტში – 28.3%-ით. მარტის სტატისტიკაზე პანდემიის გავრცელების ეფექტი აშკარად იგრძნობა.

“თუმცა საინტერესოა, რომ ყველა ქვეყნიდან ჯამური გადმორიცხვები მარტში 9%-ით შემცირდა, რაც რუსეთისგან დაფიქსირებულ კლებაზე 3-ჯერ ნაკლებია. მარტში რუსეთის წილმა საქართველოს ფულად გზავნილებში 20.2% შეადგინა, როცა 2019 წლის მარტში ის 25.5% იყო. იანვარ-მარტში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 15%-ით (14.4 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა. ამავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში 21% იყო”, – წერს ორგანიზაცია და ამ ნაწილის დასასრულს დასძენს:

” “კოვიდ-19″-ის პანდემიის გავრცელების ეფექტამდე, თუ რუსეთის ხელისუფლება ფულადი გზავნილების სრულად შეწყვეტას მოახერხებდა, საქართველო წელიწადში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარს დაკარგავდა. თუმცა ეს ძალიან არარეალური სცენარია, რადგან ამ შემთხვევაში ემიგრანტები სხვა გზით გამოგზავნიდნენ ფულს.

რუსეთში გამომუშავებული თანხის საქართველოში გადმორიცხვის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი დეპორტაციაა. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, მათი დეპორტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია”.

დასკვნები და რეკომენდაციები

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილებისა და რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მეშვეობით დაახლოებით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 9%-ია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” მიაჩნია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება.

“ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს”, – წერია ანგარიშში.

ორგანიაციის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშნვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით- ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
  • პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
  • წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
  • პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი