ახალი ამბებირეკლამა

როგორ მუშაობენ ინტერნეტთაღლითები

5 მაისი, 2020 • 6602
როგორ მუშაობენ ინტერნეტთაღლითები

ალბათ, გსმენიათ ისტორიები, როგორ ჩამოეჭრათ თანხა ადამიანებს საბანკო ანგარიშებიდან ისე, რომ არაფერიც არ შეუძენიათ, არც არავისთვის გადაურიცხავთ და მოკლედ, რომ ვთქვათ, წარმოდგენაც არ აქვთ, სად წავიდა ფული. სოციალურ ქსელებშიც ხშირად საუბრობენ ამაზე. კარგად თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, მიზეზი შეიძლება ჩვენ მიერ მოხმარებულ ინტერნეტსაიტებში ვეძიოთ.

რა არის ფიშინგი (Phishing)?

ფიშინგი არის ინტერნეტთაღლითობის ფორმა. ამ გზით ადამიანებს ისე ვაძლევთ ჩვენს პირად ინფორმაციაზე წვდომას, რომ ვერც კი ვიგებთ. ასე ვთქვათ, მათ სატყუარას ვეგებით. რა შეიძლება იყოს სატყუარა? ხშირად თაღლითები აწყობენ იმის იდენტურ ვებსაიტებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ და ვენდობით. მაგალითად ბანკების, ონლაინ-მაღაზიების და გასართობი სფეროებისას.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის დროს ონლაინ თამაშების მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, შესაბამისად ფიშერებიც გააქტიურდნენ. იმისათვის, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ, უმჯობესია თუ თამაშისთვის ცალკე ბარათს იქონიებთ და ზუსტად იმ რაოდენობის თანხას ჩარიცხავთ, რაც იმ მომენტისთვის სჭირდება. ასევე, სასურველია თუ ყოველი ტრანზაქცის განსახორციელებლად ერთჯერადი კოდის დადასტურება ექნება გააქტიურებული.

გარდა ამისა, ხშირად არის შემთხვევები როდესაც მომხმარებელს სხვადასხვა საიტზე განთავსებული აქვს უძრავი/მოძრავი ქონება გასაყიდად, ინტერნეტ თაღლითები უკავშირდებიან, გამოთქვამენ დაინტერესებას ქონების ყიდვაზე და ავანსის ჩასარიცხად თხოვენ რომ გაუზიარონ ბარათის მონაცემები (ძირითადად სურათის გადაღებას და გადაგზავნას ითხოვენ), მომხმარებელი კი ადვილად ებმება მახეში.

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

დღეისთვის ძალიან პოპულარულია როგორც ონლაინ-შოპინგი, ისე სხვა ისეთი სერვისების მიღება ონლაინ, რომელიც ჩვენს პირად ინფორმაციას მოითხოვს. ყველანი შეიძლება გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი, ანუ ჩვენ მიერ გაცემული ინფორმაცია, ჩვენ წინააღმდეგ იქნას გამოყენებული და ამის გამო დავკარგოთ ფული ანგარიშებიდან. რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ამ დროს, არ ვანდოთ ჩვენი პირადი მონაცემები არავის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, დაცული გვქონდეს ბარათი ისეთი სერვისებით, როგორიც არის მაგალითად 3D დაცვა, რაც გულისხმობს, რომ სანამ თქვენ დაეთანხმებით ვებსაიტზე რაიმეს შეძენას SMS-ის სახით მიიღებთ კოდს და მეორედაც დაეთანხმებით ოპერაციის შესრულებას.

გთავაზობთ ასევე რამდენიმე “ოქროს რეკომენდაციას”, რათა თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ:

  • რომელ ვებგვერდზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად ის ვებგვერდია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას. ვებგვერდის მისამართში თუნდაც 1 სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ.
  • არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით. შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე;

  • არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wifi“-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში თუ ის არ გჭირდებათ.
  • შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთული, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს – ამითი თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და გატეხვა რთულია
  • არ შეინახოთ ავტომატურად თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში.
  • არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში, მაგალითად, თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება;
  • კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები.
  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი;

აუცილებლად გადაამოწმეთ ყველა გვერდის სანდოობა, რომელზეც ბარათის მონაცემებს შეიყვანთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე საეჭვოდ მოგეჩვენებათ. დროთა განმავლობაში აუცილებლად გაგიმარტივდებათ თაღლითების ამოცნობა, რადგანაც უმეტესობას ერთი და იგივე ხელწერა აქვს, მიმზიდველი, დახვეწილი მაგრამ მაინც ყალბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი