ახალი ამბები

Myauto.ge-ზე თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2020 • 3105
Myauto.ge-ზე თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ავტოპორტალ Myauto.ge-ზე “ვითომ გასაყიდი ავტომობილების” ფოტოებს ათავსებდნენ, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ და ავტომობილის შეძენის მსურველებს თანხის ნაწილს წინასწარ არიცხვინებდნენ სხვადასხვა ანგარიშზე.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

შსს-ს განცხადების მიხედვით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ. დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, ტელეფონის სხვადასხვა ნომერს იყენებდნენ და გამოყენების შემდეგ ბარათებს ანადგურებდნენ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით იპერატიულ-სამძებრო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი