კოკა ყანდიაშვილი რუსთავი 2-ის სიუჟეტს “ტროლების ფაბრიკაზე” სიცრუეს უწოდებს

კოკა ყანდიაშვილი, რომელიც რუსთავი 2-მა “ქართული ოცნების” ე.წ ტროლების ქარხნის ხელმძღვანელად დაასახელა, ამ ბრალდებას უარყოფს, ის ტელეარხის სიუჟეტს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ ოფისი, რომელიც სიუჟეტში ჩანდა, მულტიმედია კომპანიას ეკუთვნის.

რუსთავი 2-ზე, “შაბათის კურიერში”, 9 მარტს გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ “თიბისი ბანკის” მიერ ნახსენები ე.წ ტროლების თავდასხმა ბანკის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან დაიგეგმა. რუსთავი 2-ის თანახმად, ეს ოფისი პრემიერ-მინისტრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, კოკა ყანდიაშვილის დაქირავებული იყო.

მათი ინფორმაციითვე, ყანდიაშვილი ამ ოფისიდან ხელმძღვანელობდა “ტროლების ქარხანას”, რომელმაც ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის დამფუძნებლები ამოიღო მიზანში და მათ წინააღმდეგ აწარმოებდა ინტერნეტკამპანიას [ინტერნეტტროლებს უწოდებენ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ძირითადად ყალბი ანგარიშებით, ხშირ შემთხვევაში კი ანონიმურად, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცდილობენ ინტერნეტში კონფლიქტის, დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევას].

ყანდიაშვილის პასუხი

ყანდიაშვილის თანახმად, რუსთავი 2-ის გადაღებულ კადრებში, მართალია, მისი ოფისი ჩანს, თუმცა იგი არა “ტროლების ქარხნის”, არამედ მულტიმედია კომპანიის ოფისია:

“ამ ოფისს ვამზადებთ, ახლახან შევიძინეთ ახალი სავარძლები, მაგიდები 6-ში დაგვიმზადეს და მოგვიტანეს, (კადრებში კარგად ჩანს, რომ ყველაფერი ახალია) კარადები კი 15-ში იქნება”. მისივე თქმით, სარედაქციო ჯგუფი “სრულად არაა ჩამოყალიბებული, ჯერ სულ რამდენიმე თანამშრომელი ვართ და ოფისის გამართვამდე სახლიდან ვმუშაობთ”.

ყანდიაშვილის თქმით, მულტიმედია პორტალი — “ეს პერსონა” — სატესტო რეჟიმში მუშაობს; იგი წერს, რომ ოფისი 2015 წელს იქირავეს რუსთაველზე, ჯერ ტურისტული სააგენტო Georgia OK შექმნეს, შემდეგ კი სტუდია, რომელიც “რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა”.

ყანდიაშვილმა უარყო “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსობაც. მისი თქმით, 14 მარტს ბრუნდება თბილისში და მზადაა, მედიის კითხვებს უპასუხოს.

“თიბისი ბანკთან არასდროს მქონია პრობლემა. 30 წელზე მეტია პირადად ვიცნობ მამუკასაც [ხაზარაძეს], ბადრისაც [ჯაფარიძე], ვახოსაც [ბუცხრიკიძე] და პაატასაც [ღაძაძე] [თიბისის მენეჯმენტი], ამიტომ, ოდესმე რაიმე კითხვა რომ გაჩენილიყო, აუცილებლად ვიქნებოდი საქმის კურსში”, – წერს ყანდიაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com