ახალი ამბები

ცრუ მედიის ქსელი ფეისბუკზე და არა მხოლოდ – ISFED-ის ანგარიში

1 მაისი, 2020 • 2143
ცრუ მედიის ქსელი ფეისბუკზე და არა მხოლოდ – ISFED-ის ანგარიში

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად შეინიშნება დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე, ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ.

ISFED-ის ცნობით, მართალია, 2019 წლის 20 დეკემბერში “ფეისბუქმა” ცრუ მედიის გვერდების უმრავლესობა წაშალა, მაგრამ შედარებით ახალმა ცრუ მედიების გვერდებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს ოპერირება. „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე, პოლიტიკური ნიშნით მოქმედი ცრუ მედიაგვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ჯამში, არასამთავრობოს ცნობით, აღნიშნული საინფორმაციო ქსელის ფარგლებში გამოვლინდა:

  • 14 ცრუ მედიის გვერდი – კოორდინებული საინფორმაციო სააგენტოს ტიპის ცრუ მედიის გვერდები;
  • 35 “ფეისბუქ-ჯგუფი” – რომლებშიც არაავთენტური ანგარიშები, რამდენიმე ავთენტურ ანგარიშთან ერთად, კოორდინებულად ავრცელებს “ესპერსონის” და ცრუ მედიის გვერდების ბმულებს;
  • 15 პერსონალური ანგარიში 2 “ფეისბუქ-გვერდი”, რომელიც ორგანიზებულად ავრცელებს ცრუ მედიაგვერდების ბმულებს;
  • 50 ყალბი “ფეისბუქ-გვერდი”, რომელიც სხვადასხვა ადამიანის სახელით პოზიცონირებს, თუმცა ყველა მათგანი შექმნილია არა პერსონალური ანგარიშის, არამედ “ფეისბუქ- გვერდის” სახით.

კოორდინირებული ცრუ მედიების ქსელი

14 ცრუ მედიის გვერდი ISFED-ის ანგარიშის მიხედვით

ISFED-ის კვლევის თანახმად, ზემოაღნიშნული ცრუ მედიის 14 ფეისბუქ- გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს – 2019 წლის 27 მაისს. ამასთან, ფეისბუქ-გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე იუთუბ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. 2019 წლის 27 მაისს შექმნილი ფეისბუქის გვერდების შესაბამისი ვებ-გვერდის დომენები 15 დღით ადრე, ერთსა და იმავე დღეს, 12 მაისს შეიქმნა. ამ დღეს, 4 წუთში დარეგისტრირდა ცრუ მედიის 11 ვებ-გვერდის დომენი.

“ცრუ მედიების სახელწოდებები, ფეისბუქ- გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს, მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს. ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე ფეისბუქ-ჯგუფებში და ამ გზით აღწევს ფეისბუქის მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. ცრუ მედიის გვერდების პოსტების კომენტარებში შეინიშნება 50 ყალბი ფეისბუქ-გვერდი, მათ სტანდარტული ფეისბუქ-გვერდებისთვის დამახასიათებელი ქცევა არ ახასიათებთ და ცრუ მედიის გვერდებზე მასობრივი კომენტარების განთავსების მიზნით აქტიურობენ”, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

ამ გვერდების ნაწილის ლოგო, დიზაინი და დასახელება რეალური მედიასაშუალებების მსგავსია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის სახელია „Interpressnet“, ხოლო ლოგოზე გამოხატულია აბრევიატურა  IPN.  ამ ცრუ მედიის ლოგოს დიზაინი და გვერდის სახელწოდება წარმოადგენს რეალური მედიასაშუალების „ინტერპრესნიუსის“ კოპირებას და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ფეისბუქ-მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

“სამართლიანი არჩევნების” აზრით, ცრუ მედიის გვერდები აუდიტორიის გაზრდას სხვადასხვა ინტერესის სფეროს გარშემო შექმნილი მრავალათასიანი ფეისბუქ-ჯგუფების გამოყენებით ცდილობენ. კონტენტის გასავრცელებლად, რამდენიმე რეალურ ანგარიშთან ერთად, იყენებენ ყალბ პერსონალურ პროფილებს ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ფეისბუქ-გვერდებს, რომლებსაც ცრუ მედიის ბმულების ჯგუფებში გაზიარების გარდა არავითარი დანიშნულება/აქტივობა არ აქვთ.

“ეს ტაქტიკა, სავარაუდოდ, შემუშავებულია „ფეისბუქის“ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, რათა მოხდეს ანგარიშების დივერსიფიცირება და კოორდინირებული ქცევა ნაკლებად შესამჩნევი იყოს. ამას გარდა, მსგავსი სქემით მოქმედების სავარაუდო მიზანია, აუდიტორიას სანდოდ მოაჩვენოს ცრუ მედიის გვერდები და შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ საინფორმაციო საშუალებებს ბევრი ადამიანი ან საინფორმაციო შინაარსის გვერდი აზიარებს”, – წერს ISFED.

ვინ დგას ცრუ მედია-გვერდების უკან და ვინ ავრცელებს მათ?

„ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს შექმნილი 11 გვერდიდან ერთ-ერთს Mtavari Ambebi • მთავარი ამბები, სხვა პირებთან ერთად, გამოცემა „ესპერსონის“ ყოფილი ჟურნალისტი ნათია ბერიძე მართავს. მის მიერ „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, იგი მოცემული სააგენტოს მთავარი რედაქტორია. ნათია ბერიძე იყო პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე 20 ივნისის ღამეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეში.

ცრუ მედიის გვერდების ფეისბუქ-ჯგუფებში გავრცელების ტაქტიკის შესწავლისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი აქტიური პერსონალური ანგარიში, რომელიც მოქმედებდა სახელით Nika Sidamonidze, მითვისებული იყო. 27 აპრილის მდგომარეობით, აღნიშნული პროფილი მიუწვდომელია, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ანგარიშის დეაქტივაცია ამჟამინდელმა მფლობელმა გააკეთა ან კომპანია „ფეისბუქმა“ რეალური მფლობელის ოჯახის წევრების მიმართვის შემდეგ გააუქმა.

ISFED-ის დაკვირვებით,  რეალური ანგარიშის მფლობელი აშშ-ის შტატ ტეხასისიდან იყო და ამ ანგარიშის აქტივობა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს შეწყდა. ანგარიში გააქტიურდა პროფილის მითვისების შემდეგ, 2020 წლის 14 მარტიდან. პროფილის პარამეტრების ცვლილებებს, კონკრეტულად ახალი ფოტოს ატვირთვას, მოჰყვა რეალური მფლობელის ოჯახის წევრების და ახლობლების შეშფოთებული კომენტარები, რომ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრის ფეისბუქ-ანგარიში ჰაკერების სამიზნედ იქცა.

“NikaSidamonidze ვინ ხართ? რატომ შეცვალეთ ეს სახელი ჩემი გარდაცვლილი ძმის პროფილზე? ღირსება არ გაგაჩნიათ?” – წერს სტეისი ბი, სავარაუდოდ, სიდამონიძის სახელით მითვისებულ გვერდზე.

“სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავს, რომ პროფილის არამართლზომიერი მითვისების შემდეგ, მიმთვისებელმა მხოლოდ და მხოლოდ სამი ქართული ფეისბუქ-გვერდი მოიწონა: „ესპერსონა“, „სირცხვილის კორიდორი“ და „Mood of sesilia”, რაც ამ გვერდების შესაძლო კავშირზე შეიძლება მეტყველებდეს.

ყალბი ამბები ცრუ მედიაგვერდებზე

ISFED-ის თანახმად, ცრუ მედიების ქსელის ინფრასტრუქტურა მათთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურების ან მოვლენების შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც გამოიყენება. მაგალითად, „მთავარმა ამბებმა” 2020 წლის 31 მარტს გაავრცელა დეზინფორმაცია, სათაურით „ნაციონალური მოძრაობის წევრმა – ქართული ოცნების დეპუტატს იარაღიდან ესროლა“. რეალურად,  სტატია ეხებოდა 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანსა და პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონულ ლიდერს, სამველ პეტროსიანს შორის. თუმცა აღნიშნულმა ცრუ მედიამ სამველ პეტროსიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად გაასაღა.

“სამართლიანი არჩევნების” კვლევაში ასევე მოხვდა ორი ცრუ მედიის გვერდის მიერ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის წინააღმდეგ გაავრცელებული სტატიები, სათაურებით: „არ ვაპირებ დადგენილ სამედიცინო სტანდარტებს დავემორჩილო“ და „შეეშვით პანიკას და ყველას კარანტინში გამოკეტვას თუ მის გვერდით დაავადებული იყო“. იმავე დღეს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პირად ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნა პოსტი, სადაც ის უარყოფს ამ განცხადებებს და აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სამთავრობო მედიატროლების მიერ აგორებულ „შავი პიარს“.

ISFED-ის განცხადებით, გამოვლენილი ცრუ მედიაგვერდების მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ქსელის არსებობა საინფორმაციო გარემოსთვის დამაზიანებელია და სოციალურ მედიაში ამომრჩეველთა მანიპულირების რისკებს შეიცავს. ამდენად, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ქსელის „ფეისბუქის“ მხრიდან შესწავლა და პლატფორმის წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გატარება.

News-Front Georgia-ის გვერდის წაშლა

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, მეხეილ ბენიძის ინფორმაციით, ახლახან “ფეისბუქმა” წაშალა რუსული სააგენტო News-Front-ის ქსელი, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში.

“სამართლიანი არჩევნების” სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით News-Front Georgia-ს და მასთან დაკავშირებული 12 არაავთენტური ანგარიშის მიერ “ნიუს-ფრონტის” მასალების არაავთენტურ გავრცელებას სხვადასხვა ფეისბუქ-ჯგუფებში.

“ფეისბუქის” წარმომადგენლებთან ინტერაქციის შედეგად, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ “ფეისბუქი” მუშაობდა News-Front-ის არაავთენტური ქსელის გამოვლენაზე როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში. გასულ კვირაში ჩვენ მათ წინასწარ მივაწოდეთ ჩვენი მონიტორინგის შედეგები. დღეს კი ეს 12 ანგარიში და, რაც მთავარია, თავად News-Front Georgia “ფეისბუქზე” აღარ იძებნება. წაშლილია “ნიუს-ფრონტის” ინფრასტრუქტურა სხვა ქვეყნებშიც”, – ამბობს ბენიძე.

გვერდის წაშლას ეხმაურება გულბაათ რცხილაძე, რომელიც 1-ელ მაისამდე “ნიუსფრონტ-საქართველოს” მთავარი რედაქტორი იყო.

“მაინცდამაინც ჩემი მუშაობის ბოლო დღეს დაბლოკეს “ნიუსფრონტ-საქართველოს” ფეისბუკ-გვერდი, რომელზეც 14 ათასი გამომწერი გვყავდა. მიზეზი ალბათ ისაა, რომ დღეს გავავრცელეთ გაფრთხილება საერთაშორისო წყაროებზე მითითებით, რომ ახალი ამერიკული პრეპარატი “რემედსივირი” არ არის უსაფრთხო. ეს არის ამერიკული და დასავლური “სიტყვის თავისუფლება” – ვერაფერს ვიზამთ. მართალია, მაქვს ბევრი საშუალება, გვერდი ავუარო ამ დაბლოკილ გვერდს და ფართო საზოგადოებას მივაწოდო ის აზრები, რომელთაც საჭიროდ მივიჩნევ, მაგრამ ამდენი შრომის წყალში გადაყრა დასანანია მაინც”, – წერს რცხილაძე და იმედოვნებს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაცია გვერდს აღადგენს.

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front ინფორმაციას აქვეყნებდა 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად . 2019 წლის ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. “მითების დეტექტორის” ცნობით, ქართულენოვანი News Front-ს კავშირები ღიად პრორუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე, ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს  და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი