ახალი ამბები

1-2 კვირაში პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოვიყენებთ – ცერცვაძე

29 აპრილი, 2020 • 1620
1-2 კვირაში პლაზმით მკურნალობის მეთოდს გამოვიყენებთ – ცერცვაძე

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 1-2 კვირის ვადაში საქართველოში Covid-19-ის სამკურნალოდ პირველად გამოიყენებენ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს.

ამ მეთოდით მკურნალობისას, როგორც ცერცვაძემ განმარტა, Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმა, რომელიც შეიცავს „მაღალი კონცენტრაციის დამცავ ანტისხეულებს — მანეიტრალებელ ანტისხეულებს“.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA-მ) გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობა დაუშვა მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში და ასევე „გაფართოებული წვდომის“ ფარგლებში იმ პაციენტებისთვის, ვისთანაც Covid-19 მძიმედ მიმდინარეობს და „სიცოცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე“ დგანან.

„ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, ვაზუსტებთ დეტალებს და 1-2 კვირაში გამოვიყენებთ მეთოდს, რომელიც სულ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე მათ კონსულტაციები ჰქონდათ აშშ-ში მოღვაწე ექიმთან, იმუნოლოგთან, დავით მრელაშვილთან, რომელიც „ძალიან კომპეტენტური აღმოჩნდა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობის საქმეში … ასევე, ეთიკურ საკითხებში, საკანონმდებლო საკითხებში, რამდენად ნებადართულია ეს მეთოდები“.

ცერცვაძემაც ახსენა, რომ ამ მეთოდის გამოყენება FDA-მ დაუშვა კვლევების ფარგლებში, როგორც გადაუდებელი ღონისძიება: „მას არ გაუცია საბოლოო რეკომენდაცია, რომ ეს ფართოდ გამოიყენეთ და ვისაც გინდათ, იმათზე“.

ცერცვაძის თანახმად, დავით მრელაშვილი იყო შუამავალი მათსა და FDA-ს შორის, რის შემდეგაც: „ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, ვაზუსტებთ დეტალებს და 1-2 კვირაში გამოვიყენებთ მეთოდს, რომელიც სულ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული“.

„მასიურად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევებში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება, იმ ერთეულ შემთხვევებში ამით ადამიანს გადაარჩენ“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ამჟამად საქართველოში Covid-19-ისგან 178 ადამიანია გამოჯანმრთელებული.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 1 აპრილს განაცხადა, რომ გამოჯამრთელებული ადამიანის პლაზმით და სისხლით მკურნალობა „საკმაოდ მიღებული მეთოდია“, რომელიც საქართველოში გამოყენებული იყო სხვადასხვა, მათ შორის ყირიმ-კონგოს ცხელების, დროს:

„ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, იმისთვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე“, – განაცხადა მან. იმნაძემ მაშინ ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხს ქართველი ინფექციონისტები განიხილავდნენ.


საქართველოში Covid-19-ის ზოგადი სტატისტიკა 29 აპრილის 22:30 საათის მდგომარეობით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 178
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5153
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი