ახალი ამბები

83 წლის მძიმე პაციენტს გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით ვუმკურნალეთ – ცერცვაძე

11 მაისი, 2020 • 1200
83 წლის მძიმე პაციენტს გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით ვუმკურნალეთ – ცერცვაძე

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკვე გამოიყენეს გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი.

ცერცვაძემ 11 მაისს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ამ მეთოდით უმკურნალეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, 83 წლის ქალს, რომელსაც მძიმე პნევმონია, ჰიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს და სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში და, ალბათ, ქვეყანაშიც ყოფილა“.

ცერცვაძის თანახმად, მას ორჯერ გადაუსხეს გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა. „ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი — ტოცილიზუბაბი“, – თქვა მან.

ცერცვაძეს არ უსაუბრია დეტალების შესახებ და თქვა, რომ ამ საკითხზე სპეციალურ ბრიფინგს მოაწყობენ, „რადგან ჯერ არ ითვლება, რომ გამოვიდა კრიტიკული მდგომარეობიდან“, თუმცა, მისი თქმითვე, „კრიტიკულობის პიკმა გაიარა“.

„მაგრამ ჯერ ეს პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში… უფრო ზუსტად, ამ პაციენტზე ინფორმაცია [საზოგადოებას] მიეწოდება ორ-სამ დღეში, როცა ან კრიტიკული პერიოდი გაივლის და ის გამოჯანმრთელდება, ან მე არ მინდა ეს დავუშვა, მაგრამ შედეგი იქნება არასასურველი“, – განაცხადა მან.


ცერცვაძემ 29 აპრილს განაცხადა, რომ 1-2 კვირის ვადაში საქართველოში Covid-19-ის სამკურნალოდ პირველად გამოიყენებდნენ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს.

ამ მეთოდით მკურნალობისას, როგორც ცერცვაძემ განმარტა, Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმა, რომელიც შეიცავს „მაღალი კონცენტრაციის დამცავ ანტისხეულებს — მანეიტრალებელ ანტისხეულებს“.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA-მ) გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობა დაუშვა მხოლოდ კლინიკური კვლევებისა და  „გაფართოებული წვდომის“ ფარგლებში იმ პაციენტებისთვის, ვისთანაც Covid-19 მძიმედ მიმდინარეობს და „სიცოცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე“ დგანან.

„ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, ვაზუსტებთ დეტალებს და 1-2 კვირაში გამოვიყენებთ მეთოდს, რომელიც სულ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული“, – განაცხადა 29 აპრილს თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე მათ კონსულტაციები ჰქონდათ აშშ-ში მოღვაწე ექიმთან, იმუნოლოგთან, დავით მრელაშვილთან, რომელიც „ძალიან კომპეტენტური აღმოჩნდა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობის საქმეში … ასევე, ეთიკურ საკითხებში, საკანონმდებლო საკითხებში, რამდენად ნებადართულია ეს მეთოდები“.

ცერცვაძემაც ახსენა, რომ ამ მეთოდის გამოყენება FDA-მ დაუშვა კვლევების ფარგლებში, როგორც გადაუდებელი ღონისძიება: „მას არ გაუცია საბოლოო რეკომენდაცია, რომ ეს ფართოდ გამოიყენეთ და ვისაც გინდათ, იმათზე“.

ცერცვაძის თანახმად, დავით მრელაშვილი იყო შუამავალი მათსა და FDA-ს შორის, რის შემდეგაც: „ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, ვაზუსტებთ დეტალებს და 1-2 კვირაში გამოვიყენებთ მეთოდს, რომელიც სულ 2-3 ქვეყანას აქვს გამოყენებული“.

„მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევებში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება, იმ ერთეულ შემთხვევებში ამით ადამიანს გადაარჩენ“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი