ახალი ამბები

“ჩვენი ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ” – იმნაძე სისხლის პლაზმით მკურნალობაზე

1 აპრილი, 2020 • 2007
“ჩვენი ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ” – იმნაძე სისხლის პლაზმით მკურნალობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირებული და შემდგომ გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის და პლაზმის გამოყენება სხვა პაციენტების დასახმარებლად, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“გამოჯამრთელებული ადამიანის პლაზმით და სისხლით მკურნალობა არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ეს მეთოდი ჩვენ გამოყენებული გვაქვს სხვადასხვა დროს, მათ შორის ყირიმ-კონგოს ცხელების დროს, ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, იმისთვის, რომ შემდეგ ეს გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილია და ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ”, – განაცხადა იმნაძემ.

აშშ-ის საკვებისა და პრეპარატების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო საგანგებო პროტოკოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს, კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით დაავადებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უმკურნალონ იმ პაციენტების სისხლიდან ამოღებული პლაზმით, რომლებმაც ვირუსი უკვე დაამარცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

იქამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიუ-იორკის შტატში — გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტების განკურნებისთვის გამოიყენებდნენ ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ანტისხეულებით მდიდარ პლაზმას.

მკურნალობის ეს მეთოდი ახალი არ არის, ის გამოიყენებოდა მათ შორის 1918 წელს მომხდარი „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი საუკეთესო იქნება, სანამ არ შემუშავდება COVID-19-ის ვაქცინა ან პრეპარატი, რასაც მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა დასჭირდეს.

„ამ მიდგომას ნამდვილად აქვს მიღწევები, და რაც გასაკვირია, ეს იდეა სულ არაა ახალი. ის ჩვენთან ასი ან მეტი წლის განმავლობაში იყო“, — აცხადებს ჯეფრი ჰენდერსონი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მედიცინისა და მოლეკულარული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი.

„ჯერ, მართალია, არ ვიცით, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი ან კონკრეტულად რა შემთხვევაში, თუმცა მისი წინა გამოყენების ისტორიიდან გამომდინარე სხვა ვირუსების შემთხვევაში, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ [მეთოდი] იმუშავებს“, — აღნიშნავს იგი.

ამ მეთოდის გამოყენებისას ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ანტისხეულებს უკვე განკურნებული პაციენტის პლაზმიდან დაავადებულს გადასცემენ. მეთოდს გამოიყენებდნენ 2002 წლის SARS-ის ვირუსისის დროსაც და პირველადი მონაცემებით, მეთოდი შეიძლება ეფექტიანი იყოს COVID-19-ის შემთხვევაშიც.

საქართველოში, 1 აპრილის, 14:00 საათის მონაცემებით, ფიქსირდება კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი