ახალი ამბები

WHO-ს ვებგვერდზე “შემთხვევით” გამოქვეყნებული ცნობით, რემდესივირმა პირველი ტესტი ჩააგდო

24 აპრილი, 2020 • 2152
WHO-ს ვებგვერდზე “შემთხვევით” გამოქვეყნებული ცნობით, რემდესივირმა პირველი ტესტი ჩააგდო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ვებგვერდზე “შემთხვევით” გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა პირველმა ტესტმა პრეპარატ რემდესივირის ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ ვერ დაადასტურა.

რემდესივირი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც კომპანია გილეადმა თავის დროზე ებოლას წინააღმდეგ შექმნა, თუმცა სამეცნიერო წრეებში Covid-19-ის წინააღმდეგ მიიჩნევა იმედის მომცემად.

WHO-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება (summary), რომელიც მოწმობს, რომ პრეპარატი Covid-19-ის წინააღმდეგ არ მუშაობს. ამჟამად ჯანმოს ვებგვერდიდან ეს ინფორმაცია წაშლილია, თუმცა მისი ნახვა მედიამ მოასწრო და ამის შესახებ უცხოურ პრესაში ცნობები გამოქვეყნდა.

“დოკუმენტის პროექტი (Draft) WHO-ს მისმა ავტორებმა მიაწოდეს და უყურადღებობის გამო  ჩვენს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც კი შეცდომა შევამჩნიეთ, ინფორმაცია ვებგვერდიდან ავიღეთ. მანუსკრიპტი სამეცნიერო აუდიტს (peer review) გადის და სანამ WHO ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს, გვჭირდება გავეცნოთ საბოლოო ვერსიას”, – განაცხადა WHO-ის პრესსპიკერმა ტარიკ იასარევიჩმა.

კომპანია გილეადის პრესსპიკერმა ემი ფლუდმა კი თქვა, რომ კომპანიის რწმენით, გამოქვეყნებული ინფორმაცია “კვლევისთვის შეუსაბამო დახასიათებას წარმოადგენდა’. მისი თქმით, კვლევა ნაადრევად შეჩერდა, რადგან მასში ჩართული პაციენტების რაოდენობა ცოტა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან “სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია”. თუმცა, მისი თქმით, “მონაცემების ტრენდი რემდესივირის პოტენციურ ბენეფიტებზე მიგვანიშნებს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც პრეპარატი მკურნალობის ადრეულ სტადიაზე მიიღეს”.

Statnews წერს, რომ WHO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, სავარაუდოდ, სრულყოფილი არ არის. კვლევა მართლაც ნაადრევად დასრულდა, რაც სავარაუდოდ, იმოქმედებდა შედეგებზე, მას ასევე აკლია კონტექსტი, რაც სავარაუდოდ, სრულ კვლევაში იქნება და, რაც მთავარია, მისი შეფასება/აუდიტირება არ მომხდარა, რაც კვლევის გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, საჭიროა.

რემდესივირის ეფექტიანობაზე არაერთი კვლევა ტარდება. გილეადი მძიმე პაციენტებზე კვლევას თავადაც ატარებს, თუმცა ამ კვლევის ინტერპრეტირება რთული იქნება, რადგან წამლის გამოცდა ე.წ. საკონტროლო ჯგუფის გარეშე ხდება. ანუ გილეადი თავის კვლევაში იმ პაციენტების მდგომარეობას, რომლებიც პრეპარატს იღებენ, არ ადარებს მათ დინამიკას, ვინც ამ წამლის გარეშე გადის მკურნალობას სტანდარტული წესით. CNN-მა ამ კვლევის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროცესში ჩართული მეცნიერები მას იმედის მომცემს უწოდებდნენ.

რაც შეეხება ჩინეთში ჩატარებულ კვლევას, რომლის მოკლე შეჯამებაც WHO-ს ვებგვერდზე დროებით დაიდო, Statnews-ის ცნობით, ე.წ. ოქროს სტანდარტით, ანუ საკონტროლო ჯგუფით ტარდებოდა. მასში 237 ადამიანი მონაწილეობდ, მათგან 158 რემდესივირს იღებდა, ხოლო 79 – პლაცებოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დადგინდეს, პაციენტების გამოჯანმრთელებაზე პრეპარატს აქვს ეფექტი, თუ რაიმე სხვას. ასეთი “ოქროს სტანდარტით” გილეადიც ატარებს კვლევას, თუმცა, საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტებზე. ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტიც ატარებს კვლევას, სადაც რემდესივირს პლაცებოს ადარებს.

რა წერია WHO-ს ვებგვერდზე შემთხვევით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

ჩინეთში ჩატარებული კვლევის მოკლე შეჯამების მიხედვით იმ პაციენტების გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, რომლებიც სხვებისგან განსხვავებით, რემდესივირს იღებდნენ, პროგრესი არ დაფიქსირებულა. ერთი თვის შემდეგ რემდესივირის მიმღები პაციენტების 13.9% დაიღუპა, შედარებისთვის მეორე ჯგუფში, სადაც სტანდარტულად მკურნალობდნენ, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 12.8 პროცენტი იყო. განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის – წერს Statnews, რომელმაც WHO-ს ვებგვერდზე შემთხვევით გამოქვეყნებულ ინფორმაცია ნახა და ე.წ. სქრინშოტიც გადაიღო.

“ამ კვლევაში, რომელიც სრულწლოვან მძიმე პაციენტებზე ჩატარდა და ნაადრევად დასრულდა, რემდესივირი არ იყო ასოცირებული კლინიკურ ან ვიროლოგიურ ბენეფიტებთან”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ მოკლე აღწერაში.

კვლევა შეწყდა იმის გამო, რომ ჩინეთში, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები კლებაში წავიდა, პაციენტების რეგისტრაცია გართულდა.

Statnews-სთან საუბარში მკვლევარმა ლივერპულის უნივერსიტეტიდან, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, განაცხადა: “ეს შედეგი მოწმობს, რომ რემდესივირის ნებისმიერი სარგებელი, სავარაუდოდ, მცირე იქნება”.

“თუ ამ ზომის კვლევით სარგებელი არ დგინდება, ეს ნიშნავს, რომ გილეადის უფრო დიდ კვლევაში ამ პოპულაციაში წამლის სარგებელი, სავარაუდოდ, მცირე იქნება”, – აცხადებს ენდრიუ ჰილი.

მისი თქმით, ამ კვლევის შედეგი გილეადის მიერ წარმოებული კვლევების შედეგბთან ერთად საერთო ბაზაში უნდა გაერთიანდეს უფრო ფართო და დაბალანსებული ანალიზებისთვის.

თავად გილეადი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულ კვლევაზე პასუხებს მაისის ბოლოსკენ ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი