ახალი ამბები

„ფრონტერასთან“ კონტრაქტს ვწყვეტთ ჰააგის არბიტრაჟის ძალით – სახელმწიფო

29 აპრილი, 2020 • 1501
„ფრონტერასთან“ კონტრაქტს ვწყვეტთ ჰააგის არბიტრაჟის ძალით – სახელმწიფო

ნავთობისა და გაზის კორპორაცია აცხადებს, რომ „ფრონტერასთან“ ჰააგის არბიტრაჟში დავის მოგების შემდეგ კომპანიას გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს).

17 აპრილს ჰააგის არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისა და „ფრონტერას“ დავასთან დაკავშირებით. „ნეტგაზეთს“ დამოუკიდებლად ეს გადაწყვეტილება არ უნახავს.

21 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენდა ამ დავაში, განაცხადა, რომ კომპანიას არბიტრაჟში დავის უმრავლეს ნაწილში მოუგეს.

მათ შორის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანახმად, „საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა“.

29 აპრილს კორპორაციის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას „ფრონტერამ“ ახალი განცხადებით უპასუხა, სადაც ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება არბირტაჟის მიღებულ გადაწყვეტილებას და თვითონ კომპანია კმაყოფილია არბიტრაჟის შედეგით.

29 აპრილის საღამოს ამ განცხადებას მორიგი განცხადებით უპასუხა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და დაწერა: „საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა” არსებითად დაარღვია კონტრაქტი“.

ეს კი, როგორც კორპორაცია წერს, სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს.

ამასთან, სახელმწიფო აცხადებს, რომ 2020 წლის 27 აპრილს ნავთობისა და გაზის სააგენტომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. „კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას, ამა წლის 27 ივლისს“.

„გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეებს დაევალათ, აანაზღაურონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დააკმაყოფილა შეუამდგომლობა “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” და ფრონტერა აშშ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და შეწყვიტა წარმოება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა“, – წერს კორპორაცია.

ამასთან, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „სრულად და ერთმნიშვნელოვნად უარყოფენ“ ფრონტერას გავრცელებულ შეფასებებს, რასაც „ცრუს და არაკორექტულს“ უწოდებენ.

„ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით“.

„ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ არბიტრაჟის წესების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესაძლებელია მხარეების თანხმობით. სააგენტო და კორპორაცია თანახმაა გასაჯაროვდეს გადაწყვეტილება. კორპორაციამ თანხმობისთვის მიმართა “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, თუმცა მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღია“, – წერია განცხადებაში.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრელ მასალას.

ფრონტერა: კმაყოფილები ვართ არბიტრაჟის შედეგით, მთავრობა ცრუობს

ფრონტერა საქართველოს $3,5 მილიარდის ანაზღაურებას სთხოვს – დავა ჰააგაში

მასალების გადაბეჭდვის წესი