სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 24 აპრილს გამოაქვეყნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის ანგარიში მიუთითებს ნაკლოვანებებზე ბიზნესგეგმების, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, შესყიდვების, შრომის ანაზღაურებისა და მივლინებების, ინვენტარიზაციის, შვილობილი და მეკავშირე კომპანიების მართვის, არაპროფილური ხარჯებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის და საწვავის ხარჯვის ნაწილში.
აუდიტის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაციის 61 თანამშრომელს ისე ჰქონდა გადაკვეთილი სახელმწიფო საზღვარი, რომ ამ პერიოდში არ სარგებლობდნენ ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი შვებულებით და არც საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფებოდნენ. მხოლოდ საზღვრის კვეთიდან გაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, არასაპატიო მიზეზით გაცდენილ დღეებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 139 723 ლარი შეადგინა.
„შედეგად, კორპორაციაში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების აღრიცხვისა და ანაზღაურების მიზნით და არსებობს რისკი, რომ თანამშრომლებზე არასაპატიო მიზეზით გაცდენილ სამუშაო დღეებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება და არ არის გამოყენებული შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური ზომები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული 61 თანამშრომლიდან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში გათავისუფლებულია 15 თანამშრომელი“, — ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, აუდიტის სამსახურის თანახმად, 2022-2023 წლებში ნავთობისა და გაზის კორპორაციაში 7 184 584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემულია 725 106 ლარის პრემია, კორპორაციის მენეჯმენტისთვის პრემიების გაცემა ხდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. 2023 წელს კორპორაციის მენეჯმენტის პრემირების წილის მმართველთან შეთანხმების საკითხი არ რეგულირდებოდა — აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 945 706 ლარი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2022 წელს ─ 53, ხოლო 2023 წელს 64 შტატგარეშე თანამშრომელზე არ არის დოკუმენტირებული და აღრიცხული შესრულებული სამუშაოები, რაც ქმნის სახსრების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.
„დეპარტამენტებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებზე განსაზღვრული განსხვავებული სახელფასო განაკვეთები, მაშინ როდესაც შესასრულებელი სამუშაო იდენტურია, ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას“, — ნათქვამია ანგარიშში.
ქვეყნის გარეთ მივლინებიდან დაბრუნებული პირების მიერ, აუდიტის შეფასებით, რიგ შემთხვევაში არ ხდებოდა წერილობითი ანგარიშების შედგენა მივლინებაში ყოფნისას გაწეული საქმიანობის და მიღებული სარგებლის შესახებ; ასევე სათანადოდ არ არის დასაბუთებული 21,060 ლარის ზენორმატიული და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილესთან დაკავშირებული 24,348 ლარის ხარჯის გაწევის აუცილებლობა.
ანგარიშის თანახმად, კორპორაცია 2022-2023 წლებში განიცდიდა ფულადი სახსრების ნაკლებობას და მიუხედავად ამისა, გაწეულია 822 503 ლარის არაპროფილური ხარჯი.
აუდიტის მიხედვით, კორპორაცია დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან მიმართებით ფლობს 19 ერთეულით მეტი რაოდენობის ავტომანქანას. ავტოსატრანსპორტო საშუალებები განპიროვნებულია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკუთვნით; ასევე კორპორაციის ავტომანქანათა კლასიფიკაციის წესი არ შეესაბამება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის პრინციპებს.
ასევე, არ არის დადგენილი ავტომობილებზე საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ერთიანი წესი, შესაბამისად, არ ხდება საწვავის ხარჯების გაანალიზება და ლიმიტის საჭიროების მიხედვით კორექტირება, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. ანგარიში ნათქვამია, რომ არასამუშაო დროს, შვებულების ან მივლინების პერიოდში სათანადო დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30 332 ლიტრი საწვავი.
აუდიტის თანახმად, 2022-2023 წლებში კორპორაცია ვერ უზრუნველყოფდა ბიზნესგეგმების საანგარიშგებო წლის დაწყებამდე ეკონომიკის სამინისტროსთვის დროულ წარდგენას; ხარჯები გაიწეოდა პარტნიორთან შეუთანხმებლად, დამტკიცებული ბიუჯეტის გარეშე.
ამასთან, კორპორაციამ ვერ უზრუნველყო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში კაპიტალური სამუშაოების დასრულება, რაც „შესაძლოა, უარყოფითად აისახოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის სათანადოდ მუშაობასა და ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებაზე“.
ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან მიღებული განმარტებით, პროექტების ვადის გადაცილება რიგ შემთხვევაში გამოწვეული იყო კორპორაციაში არსებული ფინანსური სირთულეებით, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციით, მიმდინარე სასამართლო დავებით და სხვა გარემოებებით.
აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევაში კორპორაციის მიერ სპეციალური წესით განხორციელებული შესყიდვები, სატრანსპორტო მომსახურების მიღების საჭიროებისა და აქტივების ეფექტიანად მართვის გათვალისწინებით, სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს სახსრების ეკონომიურ და პროდუქტიულ გამოყენებას. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ სატრანსპორტო საშუალებების დროებით სარგებლობაში გადმოცემისა და სამგორის თაღზე ნავთობის გადაზიდვის მომსახურების მიზნით განხორციელებული შესყიდვების დროს არ იყო დაცული ზემოაღნიშნული პრინციპები.
აუდიტით ასევე გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული სახელშეკრულებო ღირებულებები გაზრდილია 10%-ზე მეტი ოდენობით, რაც არ შეესაბამება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პირგასამტეხლოს განსაზღვრის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, კორპორაცია მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს ვალდებულებათა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის კომპენსირება.
ცნობისთვის, 2022-23 წლებში ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა, რომელიც შარშან ამ თანამდებობაზე ეკატერინე სისაურმა შეცვალა. სისაური მანამდე იყო ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში.
