ახალი ამბები

ფრონტერა: კმაყოფილები ვართ არბიტრაჟის შედეგით, მთავრობა ცრუობს

29 აპრილი, 2020 • 3120
ფრონტერა: კმაყოფილები ვართ არბიტრაჟის შედეგით, მთავრობა ცრუობს

ნავთობკომპანია „ფრონტერა“, რომელზეც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჰააგაში საარბიტრაჟო დავა მოუგო, აცხადებს, რომ მთავრობის გავრცელებული განცხადება შეცდომაში შემყვანი და არასწორია და კომპანია შედეგებით კმაყოფილია.

რა ხდება?

თავდაპირველად, 21 აპრილს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განაცხადა, რომ კომპანია „ფრონტერას“ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში დავა — უმრავლესი ნაწილები —  მოუგეს.

ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 15 იანვარს მიმართეს. ისინი „ფრონტერას“ ედავებოდნენ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევას.

კომპანია, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ პირიქით, სახელმწიფო კომპანიას შეუშალა ხელი, რის გამოც დაახლოებით 3,5 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდნენ.

ფრონტერას ახალი განცხადება

29 აპრილს „ფრონტერამ“ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა და მისი იურიდიული წარმომადგენლობა განზრახ ავრცელებს არასწორ საჯარო განცხადებებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„მთავრობისა და მის მიერ დაქირავებული იურიდიული მრჩევლების საჯარო განცხადებები მიმართულია არბიტრაჟის რეალური გადაწყვეტილების შედეგებიდან ყურადღების გადატანისკენ“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ცნობებს „ფეიკ ნიუსებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები შეიცავს „შეუეფერებელ მცდელობებს, შეურაცხყონ აშშ-ის ხელისუფლება“ და მოახდინონ „ფრონტერას და მათი მსგავსი ამერიკული ბიზნესების სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია“.

ფრონტერა წერს, რომ კომპანია „კმაყოფილია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით“, განსაკუთრებით იმის ფონზე, „თუ რა სასტიკი და წარუმატებელი ტაქტიკით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება … სისტემატურად ხელი შეეშალა ჩვენი მუშაობისთვის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ნავთობისა და გაზის სექტორში და [ხელი შეეშალა] ასობით დასაქმებული ქართველი თანამშრომლისათვის, კონტრაქტორებისა თუ ასოცირებული ბიზნესებისათვის“.

კომპანია ახსენებს COVID-19-ის ეპიდემიის გამო შექმნილ ვითარებას და ამბობს, იმის, ფონზე, რომ არაერთ მოქალაქეს პრობლემები აქვს, ფიქრობენ, რომ არ უნდა დაიშურონ „ნებისმიერი მცდელობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას პანდემიის შემდგომ პერიოდში“.

„ფრონტერა“ აცხადებს, რომ როგორც „ყველაზე დიდი ამერიკელი კერძო ინვესტორი საქართველოში“, კვლავაც რჩებიან „საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ“, ვალდებულებით, რომ ქვეყანას მიეხმარონ ეკონომიკის ხელახლა აშენებასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში. ეს კი „კახეთის რეგიონში ჩვენ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგება“, – წერს კომპანია.

„ახლა, როცა ხელისუფლების მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული იურიდიული სამართალწარმოება დასრულდა, ვიმედოვნებთ, რომ გადავერთვებით უფრო კონსტრუქციულ სულისკვეთებაზე. გვჯერა, რომ ნაცვლად ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ დახარჯული ძვირფასი ფინანსური სახსრებისა, ხელისუფლება გამოძებნის გზას, რათა ეს ფინანსური საშუალებები მიმართოს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ხოლო ფრონტერასთან და სხვა მსგავს კომპანიებთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვლავ შემოვიდეს ქვეყანაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კომპანიას თხოვნით, დაეზუსტებინათ, თუ კონკრეტულად რა ნაწილში გაავრცელა გაზის კორპორაციამ არაზუსტი ინფორმაცია/რომელმა მხარემ დავის რა ნაწილში მიაღწია სასურველ შედეგს.

ამასთან, ჩვენ ვთხოვეთ მხარეებს, მოგვაწოდონ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რათა ჩვენით მოვახერხოთ გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმება.

გაზის კორპორაციიდან მოგვწერეს, რომ ისინი თანახმანი არიან, თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ამის უფლება ამ ეტაპზე არა აქვთ და უკვე მიმართეს კომპანიას შედეგების გასაჯაროვებაზე თანხმობის მისაღებად.

კომპანიისგან დამატებითი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სახელმწიფოს პოზიცია

გაზის კორპორაციის 21 აპრილის განცხადებაში წერია:

„2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო, მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს“.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა“.

„სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

ამჟამად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/246134/

მასალების გადაბეჭდვის წესი