ახალი ამბები

სიმშვიდის საბაბი მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორის მომზადება იქნება – ინტერვიუ შარიტეს ექიმთან 

1 მაისი, 2020 • 2251
სიმშვიდის საბაბი მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორის მომზადება იქნება – ინტერვიუ შარიტეს ექიმთან 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე კორონავირუსთან ბრძოლის გერმანიაში არსებულ პრაქტიკაზე, საქართველოს მაჩვენებლებზე და ვირუსთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ისაუბრა თამარ ჟამურაშვილმა. ის არის პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმ-ინტერნისტი. 

„ნეტგაზეთი“ ამ საუბრის მოკლე ტექსტურ ვერსიას გთავაზობთ:

კორონავირუსის რა ახალი სიმტომებია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? 

არ შემიძლია არ გითხრათ, რომ მარტო ცხელებაზე დაკვირვება არ იქნება სწორი, რადგანაც მთელი რიგი სიმპტომებისა გამოგრჩებათ. ადრე, იანვარ-თებერვალში ვამბობდით, 38 გრადუსის ზემოთ სიცხე თუ გამოგივლინდებათ, დაგვიკავშირდით. ახლა უკვე არსებობს მთელი რიგი სხვა სიმპტომებისა, რაც კოვიდ-19-ს ახასიათებს. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება ჩვეულებრივმა მოქალაქემ და ამისთვის არის ეს ინფორმაცია. სიცხე დაახლოებით 90-95 %-ს ემართება, მაგრამ თუ სიცხე არ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია, კოვიდ-19 გქონდეს. არის სხვა სიმპტომებიც: სურდო, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მშრალი ხველება. ყველა ის სიმპტომი, რაც ჩვეულებრივ ვირუსს ახასიათებს, შეიძლება ახასიათებდეს ასევე კოვიდ-19-ს, ფაღარათის ჩათვლით. 

სიახლე, რაც კოვიდ-19-თან დაკავშირებითაა, არის ის, რომ პაციენტს შეიძლება მიოკარდიუმის ინფაქტი განუვითარდეს  ვირუსული სიმპტომების გარეშე.  რაც მე ჩამოვთვალე — ეს ნიშნავს, რომ თუ სიცხე არ გვაქვს, სურდო არ გვაქვს, ყელი არ გვტკივა, მაგრამ გვტკივა გულ-მკერდის არე, განსაკუთრებით მარცხენა მხარე, არ ნიშნავს, რომ კოვიდზე არ უნდა ვიფიქროთ და არ ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, ექიმები ახლა კოვიდ-19-ით არიან დაკავებულები და ეს ტკივილი გაივლის. გულის პრობლემებსაც და ტკივილსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. 

ასევე გამოიკვეთა ნევროლოგიური სიმპტომატიკა — თუ ასეთი გაქვთ, როგორიც არის თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, თავბრუსხვევა, ანუ რაც ახალი გამოვლინებაა (ქრონიკულ პაციენტებს არ ვგულისხმობ), დაბუჟება, ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი.

თუ რამე ახალი სიმპტომი გაგიჩნდათ, არ მოგერიდოთ დარეკვა და კითხვის დასმა. სჯობს, ორჯერ გადავამოწმოთ, ვიდრე რამე გამოგვრჩეს და შემდეგ გართულებულ მდგომარეობაში მიხვიდეთ საავადმყოფოში. 

სულ ახალი ინფორმაცია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის კანზე ცვლილებები. კანზე ცვლილებებით შესაძლებელია საერთოდ დაიწყოს კოვიდ-19. ამიტომ, თუ კანზე შეამჩნიეთ ახალი გამონაყარი, გთხოვთ დაურეკოთ დერმატოლოგებს და კითხვა დაუსვათ. 

როგორ ებრძვის გერმანული მოდელი ვირუსს, რა მეთოდებს იყენებთ? ასევე, ტესტირებაზე: საქართველოში ხშირად არის კრიტიკა, რომ უფრო მეტი ტესტირება უნდა ტარდებოდეს და ეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს და რისკჯგუფებს არ უნდა მოიცავდეს. ამასთან დაკავშირებით გერმანულ მოდელზეც რომ ისაუბროთ –  როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი გავლენა რამ მოახდინა იმ სტატისტიკაზე, რაც დღეს გერმანიას აქვს?

ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას გვინდა, რომ მივაღწიოთ. ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ გვინდა, ქვეყანაში ვირუსი მთლიანად აღმოვხვრათ, უნდა ჩავატაროთ მასობრივი ტესტირება და ყველა ადამიანი გავტესტოთ, ყველა ჯაჭვი გავწყვიტოთ, ყველა იზოლაციაში ჩავსვათ და ეს ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი მინიმუმამდე დავიყვანოთ. 

მაგრამ ახლა შევხედოთ: ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებს, რა კარგია, არ მინდა კორონავირუსი, ჩავატაროთ მასობრივი ტესტირება. 

მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები გვეუბნებიან, რომ ვირუსი დაგვრჩება, მისი აღმოფხვრა მსოფლიოში ვერ მოხდება. ასევე დაიწყო ღორის გრიპი 2008-09 წლებში, რომელიც დაგვრჩა და ყოველ ოქტომბერს იწყება სეზონი და მარტამდე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ვირუსი ვერ აღმოიფხვრება. 

ჩვენ თუ საქართველოში ვირუსის აღმოფხვრა გვინდა, ეს ნიშნავს, რომ საზღვრები უნდა ჩავკეტოთ და მსოფლიოსთან ურთიერთობა არ გვქონდეს. გვინდა ეს მომავალი? ვაპირებთ ამას? რა თქმა უნდა, არა. ანუ უნდა მივდიოთ იმ მაგალითს, რასაც მსოფლიო გაატარებს. ვირუსი დაგვრჩება, უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებმა იმუნიტეტი გამოიმუშაონ, უნდა ვეცადოთ, რომ ის პერიოდი ვაქცინის შექმნამდე და მედიკამენტის აღმოჩენამდე როგორმე მშვიდად გავიაროთ, რაც შეიძლება ნაკლები დანაკლისით. გვექნება იმუნიტეტი, გვექნება ვაქცინა და გვეცოდინება, რომ რაღაც პერიოდი იქნება კორონავირუსის სეზონი, ისევე, როგორც გრიპისაა. ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მიზანი და ეს მიზანი თუ გვაქვს, რაში გვჭირდება მასობრივი ტესტირება? ეს არის რესურსისა და ფულის ხარჯვა.

ჩავატარებთ მასობრივ ტესტირებას, გამოვავლენთ ყველა დაავადებულს, მერე გავხსნით საზღვრებს, კვლავ იქნება კორონავირუსი და მერე რა ვქნათ? კვლავ ჩავატაროთ მასობრივი ტესტირება? ცოტა ალოგიკურია ეს. ამას ჯობია, რესურსი დაიზოგოს და, რა თქმა უნდა, მიზნობრივი ტესტირება ჩატარდეს. 

საქართველოში ძალიან ბევრი პატარა კლინიკაა. პიკის დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად დაინფიცირდება მედპერსონალი, თუ ყველა პატარა კლინიკაში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ტესტირება არ მოხდა.  საქართველოში ამჟამად მიმდინარე მიზნობრივი ტესტირება, ჩემი აზრით, უნდა გაფართოვდეს, მაგრამ ასე ქუჩაში მანქანის გაჩერება და ტესტის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანს არ ამართლებს.

ანუ, გერმანიაც დღეს ამ პრინციპით ატარებს ტესტირებებს?

დიახ, რა თქმა უნდა. მასობრივად უტარდება ტესტირება მედპერსონალს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეხება აქვს პაციენტებთან. 

ასევე ვიღებთ ანტისხეულების ტესტს. ჩვენთან კვლევაა დაწყებული და ეს ყველაფერი კვლევის ჩარჩოებში ჯდება და, რა თქმა უნდა, გამართლებულია. ამიტომ, პერსონალის ტესტირებას მივესალმები, რადგან ვიცით, რომ სიმპტომების დაწყებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე  ადამიანი გადამდებია, მედპერსონალს კი ჰოსპიტალურ პაციენტებთან აქვს შეხება.  

ის, რომ შვედეთში ასეთი შეზღუდვები არ არის, არ ნიშნავს, რომ არ აქვს ადგილი იზოლაციას. შვედები გერმანელებზე დამჯერები არიან. შვედებს რომ უთხრეს, იზოლაცია უნდა დაიცვათო, ისინი ამას ახერხებენ. ანუ, სახელმწიფომ გააკეთა გათვლა მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობა დაიცავს ამ წესებს.

რაც შეეხება გერმანულ მოდელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიამ, საქართველოს მსგავსად, ადრეულ ეტაპზე დაიწყო მომზადება.  დაახლოებით იანვრიდან მოყოლებული ყოველდღე ტარდება შეხვედრები, ხოლო თებერვლის ბოლოს უკვე გვქონდა ჩამოყალიბებული სტრუქტურა და ამ სტრუქტურით ველოდებოდით პაციენტებს. 

რას ნიშნავს ეს? გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ გაატარა საიზოლაციო შეზღუდვები, რაც საქართველოშიც გაკეთდა, ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები მუშაობდნენ ამ  ჯაჭვების გამოვლენაზე, მომზადდა ჰოსპიტალური სექტორი. 

რას გულისხმობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება? პანდემიამდე, მთელ გერმანიას ჰქონდა 28 000 ინტენსიური საწოლი, ანუ რეანიმაციის საწოლი, და აქედან მხოლოდ 1200 იყო თავისუფალი. იანვარში რომ დაწყებულიყო გერმანიაში პიკი, შეგვეძლებოდა მხოლოდ 1200 პაციენტის მიღება, მეტის არა (ოღონდ ეს გათვლილია 83 მილიონ მოსახლეზე). დღევანდელ დღეს გაიზარდა რაოდენობა 40000-მდე და აქედან 15000 არის თავისუფალი. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ დღეს შეგვეძლება 15000 პაციენტის რეანიმაციაში მიღება. ანუ, 1200-დან გავზარდეთ 15000-მდე. 15-ჯერ გაიზარდა რეანიმაციის მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ გერმანია არ ხვდება პანდემიას იმ მოცემულობით, რაც პანდემიამდე იყო. 

გარდა ამისა, ამ საწოლებს მედპერსონალიც ხომ სჭირდება. შეუკვეთეს ასევე სასუნთქი აპარატებიც — ჩემი ინფორმაციით, იანვარში 10000 სასუნთქი აპარატი შეიძინეს. რაც შეეხება მედპერსონალს, ინტენსიურ განყოფილებაში,  ჩვენს რეანიმატურაში არის ყოველდღიურად 2 რეანიმატოლოგი 17 საწოლზე. დანარჩენები არიან, რასაც „უმცროს ექიმს“ ვეძახით — ასისტენ-ექიმი გერმანიაში. შესაბამისად, დღეს არ არის პრობლემა, სად დავაწვინოთ მიმღებში მოსული პაციენტი. იმდენად ჩამოყალიბებული სტრუქტურა არსებობს, რომ ექიმი ამაზე არ დარდობს.

გარდა ამისა, შექმნილია ქსელები — მაგალითად, ბერლინის ქსელებში არსებობს რამდენიმე კლინიკა და პირველ ეტაპზე [პაციენტთა] მიმღები არის სამი კლინიკა. ეს სამი კლინიკა რომ გადაივსება, მერე მეორე ეტაპზე რომელი კლინიკები ჩაერთვებიან და ა.შ. — გვაქვს სულ ხუთი ეტაპი.

გარდა ამისა, არსებობს ცენტრი — ეს არის ჩემი კლინიკა, მთელი ამ ბერლინ-ბრანდებურგის მასშტაბით. ყველა კლინიკასთან გვაქვს კონტაქტი. ყველა რეანიმაციიდან, სადაც პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, ის ჩვენთან მოჰყავთ. იმიტომ, რომ ფილტვის და ხელოვნური სუნთქვის მართვა ეს არის უბრალოდ ხელოვნება. 

ქალბატონო თამარ, ჩაგეკითხებით, რა არის ის საშიში სიმპტომი, როცა გერმანიაში პაციენტი უკვე გადაჰყავთ კლინიკაში — რა უნდა გამომჟღავნდეს ამ დროს და რას უნდა მივაქცოთ ყურადღება, როგორია თქვენი რეკომენდაცია?

სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბადის მოთხოვნილება. გუშინ იყო საუბარი, სატურაცია უნდა გავზომოთ აუცილებლადო. სატურაცია ნაკლებადაა საინტერესო. არ გჭირდებათ სატურაცია. ის ნორმაში რჩება დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ, რომ სუნთქვის სიხშირე იწყება. მარტო სატურაციას თუ გაზომავს ადამიანი, რომც იყოს 94 და სუნთქვის სიხშირე 35-ზე მეტი იყოს, სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. სუნთქვის სიხშირე ნორმალურ დროს გვაქვს 14-მდე. 

ყველას შეუძლია, დაჯდეს და ერთი წუთის განმავლობაში გაზომოს საკუთარი სუნთქვის სიხშირე. თუმცა არიან პაციენტები გარკვეული დაავადებებით, ვისაც სხვა სიხშირე აქვს. ამიტომ, ყველა, სანამ ჯანმრთელია, რომ დაითვალოს სუნთქვის სიხშირე და იცოდეს, რამდენია მისი ნორმა და ეს ყოველდღე ამოწმოს. თუ სიხშირე 22-ს გადასცდა, დაუკავშირდით ექიმს.

ნელ-ნელა გერმანიამაც დაიწყო გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება. ნელ-ნელა ქვეყნები ცდილობენ შეამსუბუქონ მიღებული ზომები. თქვენი რეკომენდაცია როგორია — ამ ეტაპზე უნდა შემსუბუქდეს თუ არა ეს რეგულაციები და როგორ ფიქრობთ, ვართ თუ არა ახლოს, ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, კოლექტიურ იმუნიტეტთან ან რა დრო არის საჭირო მის მისაღწევად?

მიზანი ამართლებს სტრატეგიას — ამას უნდა მივყვეთ. შემთხვევით არაფერი ხდება. ის, რომ გერმანია ახლა ამ შეზღუდვებს ასუსტებს, არ ნიშნავს, რომ ხილვა გვქონდა და რაღაც მოხდა, ან ვირუსი აღარ გვაქვს, ან განსაკუთრებული იმუნიტეტია გერმანიაში.

ხალხი სახლში ზის. გერმანიასაც არ ჰქონია ჯერ პიკი, რისი მიზეზიც ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური მობილიზაციაა. ერთადერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც გერმანია ამ შეზღუდვებს ამსუბუქებს: ჰოსპიტალურ სექტორში გვაქვს გაცილებით მეტი საწოლი, ვიდრე დაავადებული. ანუ გერმანიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ დაავადებულთა ზრდის შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორი გაწვდება და დაღუპულთა რაოდენობა მინიმალური იქნება. ამიტომაც ხდება ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემცირება.

პირველი ეტაპი რომ ჩაივლის, შევხედავთ, რამდენად გაიზრდება პაციენტთა რაოდენობა, რამდენად გაწვდება ჰოსპიტალური სექტორი მათ რაოდენობას, თუ კიდევ დაგვრჩება თავისუფალი ადგილები, მეორე ეტაპზე გადავალთ და შემდგომი შეზღუდვები მოიხსნება. თუ გადაივსო საავადმყოფოები, ამ შემთხვევაში ერთი საფეხურით უკან დავბრუნდებით და კვლავ გავამკაცრებთ შეზღუდვებს. სხვა არანაირი მიზანი არ არსებობს.

ვირუსი ჩვენთან რჩება, ვირუსი არ აღმოიფხვრება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სახლში ვსხედვართ, არა იმის გამო, რომ ვირუსი გაქრეს და ისევ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ.

ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომ მიხვდეთ, რაშია საქმე: დავხუჭოთ თვალები და ვიოცნებოთ, რომ გერმანიის 83 მილიონ მოსახლეზე გათვლილი გერმანული ჰოსპიტალები გვაქვს საქართველოში 3 მილიონ ადამიანზე. საერთოდ არ დაგვჭირდება იზოლაცია. სამი მილიონი ადამიანი რომ დაინფიცირდეს, ყველას მივიღებთ, ყველას ვუშველით, ყველას მიეწოდება საჭირო დახმარება. მედიცინის სისუსტის გამო არავინ დაიღუპება. გავახილოთ ახლა თვალი და რეალობას შევხედოთ: ეს [ყველაფერი] არ გვაქვს და რაც გვაქვს, იმის მობილიზება უნდა მოხდეს. 

დღეს დაიდო, და ამან ძალიან გამახარა, აქამდე არ იყო ან მე არ მქონდა ეს ინფორმაცია, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ გაავრცელა განცხადება, რომ უნდა მოხდეს ჰოსპიტალური სექტორების მობილიზება, სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა და ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ შეზღუდვები შესუსტდეს. თორემ, შეზღუდვები რომ მოიხსნას და ჰოსპიტალური სექტორი მზად არ იყოს, რა მოხდება? მეორე დღეს საავადმყოფოები კვლავ გადაივსება და 24-საათიანი კარანტინი გვექნება, უარესი სიტუაცია დადგება. 

ბევრი ჩემი ნაცნობი ახლა თბილისში სახლში ზის, ყველა მათგანი არაა ინფექციონისტი და რეანიმატოლოგი. მაგრამ, ვერ შევატოვებთ პანდემიას მარტო ამ ორ სპეციალობას — აუცილებელია, რომ ყველა სპეციალობის ექიმი ჩაერთოს ამ საქმეში. მხოლოდ ასე გავალთ ფონს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იზოლაციის მოხსნა. 

სამედიცინო სექტორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მთავრობას, რამდენი ადამიანის მიღება შეუძლია. გერმანიაში ჩვენ მზად ვართ, ერთ ღამეში 15000 პაციენტი მარტო რეანიმაციაში მივიღოთ. ამიტომ სიტუაცია აბსოლოტურად ექვემდებარება კონტროლს და თითოეული ნაბიჯი არის გათვლილი. 

საქართველოშიც ძალიან კარგი სიტუაციაა და ასე უნდა გაგრძელდეს მეორე ფაზაშიც.

რა მოლოდინია და რა ვიცით ან არ ვიცით ამ ვირუსის სეზონურობასთან დაკავშირებით?

არ ვიცით არაფერი. ის ვიცით, რომ ვირუსი რჩება. ისიც ვიცით, რომ გრიპივით მხოლოდ ზამთარში არ გვაქვს — ასე რომ იყოს, ახლა აღარ იქნებოდა. თუმცა ყველა ვხედავთ სტატისტიკას, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის რაოდენობამ იკლო. მაგრამ, იქნებ, სუსტდება ზაფხულში და, შესაბამისად, იმიტომაც არის საქართველოში ჯერჯერობით პიკის არარსებობა, მაგრამ გერმანიაში ვიწყებთ დღეს ზამთრისთვის მზადებას. ოქტომბერში ტარდება „ოქტობერფესტი“ — ლუდის ფესტივალი, რომელიც უკვე გადადებულია. თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, ზამთარში ვაქცინა არ გვექნება, ხოლო შემოდგომაზე, როცა გრიპის სეზონი დაიწყება, მისი და კოვიდის ერთად მართვა ძალიან რთული იქნება. აქამდე მაინც თუ არ იქნა საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი მომზადებული, ძალიან ცოდონი ვიქნებით.

ვაქცინასთან დაკავშირებითაც რამდენიმე სიტყვა რომ გვითხრათ — რა ეტაპები უნდა გაიაროს და ასევე მსურს გკითხოთ, „ბეცეჟეს“ ვაქცინის გავლენა ამ ვირუსთან მიმართებაში — საქართველოში ეს საკითხი აქტუალური იყო და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. ასევე, რა ზომები უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვიცხოვროთ  ვირუსთან ერთად, მაგრამ რა დარჩება შეზღუდვების შემცირების შემდეგ? რა გვექნება მოქალაქეებს გასათვალისწინებელი?

დაწყებულია ვაქცინის კვლევები, ექვსი ფაზა არსებობს, მაგრამ დეტალები შორს წაგვიყვანს. უნდა ვენდოთ მეცნიერებას, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისში გვექნება ვაქცინა.

რაც შეეხება „ბეცეჟეს“, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, რომ ის იწვევს იმუნურ პასუხს, რომელიც ტუბერკულოზის გარდა სხვა ვირუსებს ებრძვის, თუმცა ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია. დაწყებულია კვლევები სხვადასხვა ქვეყნებში და არა მარტო ბეცეჟე ვაქცინით, არამედ ტექნოლოგიურად გაუმჯებესებელი ბეცეჟე ვაქცინით. 1000 პაციენტი ჩაერთვება ამ კვლევაში, მაგრამ ესეც დროს მოითხოვს.

რაც შეეხება ქართულ სტრუქტურას, მე როგორ წარმომიდგენია –  აუცილებელია, რომ ყველა კლინიკას ჰქონდეს ერთმანეთთან კავშირი. თბილისის მაგალითზე რომ ავიღოთ. დავარქვათ კორონას ქსელი, ასე ჰქვია ბერლინში. ვიცი, რომ თბილისში 3 და რამდენიმე კლინიკა მონაწილეობს ამ პაციენტების მკურნალობაში. ვფიქრობ, ეს არასწორია. ის კი არ უნდა ვიკითხოთ, რომელი კლინიკა ჩაერთვება პანდემიის მართვაში, ის უნდა ვიკითხოთ, რომელი კლინიკა რომელ ეტაპზე ჩაერთვება. პიკი რომ დაიწყოს და ის 3 კლინიკა გადაივსება, სასწრაფო კი პაციენტს მოგიყვანს და მას უბრალოდ უკან ვერ გაუშვებ, მოუმზადებელ კლინიკაში კი ასეთი პაციენტის მიღება ნიშნავს, რომ მეორე დღეს ეს კლინიკა დაიხურება. ასე დაიხურა ჩვენთან პოტსტდამში 1500-საწოლიანი საავადმყოფო. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა კლინიკა იყოს მომზადებული და მომარაგებული საიზოლაციო საშუალებებით. 

უნდა ჩაერთონ ჰიგიენისტებიც. საჭიროა მიმღები განყოფილება, სადაც პაციენტი იქნება მანამ, სანამ კორონავირუსზე ტესტის პასუხი მოვა. ვგულისხმობ ჰოსპიტალურ პაციენტებს. პაციენტებს, რომლებიც ასიმპტომურები არიან, ან მსუბუქი სამართავია, ისინი აუცილებლად ამბულატორიულ სექტორში უნდა გადავიდნენ და იმართონ ოჯახის ექიმების მიერ. თუმცა იარსებებნ პაციენტები, რომლებიც მსუბუქი ფორმით არიან, მაგრამ სახლში ბებია-ბაბუა ჰყავთ და ვერ მოახერხებენ იზოლირებას, მათაც ვერ გავუშვებთ. ანუ, გვჭირდება მიმღები განყოფილება, სადაც ეს პაციენტები დაყოვნდებიან ტესტის პასუხის მოსვლამდე. ტესტის მოსვლის მერე თუ იქნება ნეგატიური პასუხი, ისინი გადავლენ „ნონ-კოვიდ“ განყოფილებაში, ამ შემთხვევაში 1 კლინიკა შეიძლება გამოიყოს ამისთვის. თუ დაუდგინდა კოვიდი, გადავა შესაბამის განყოფილებაში.

მეორე საკითხია ინტენსიური განყოფილება — რომელი ინტენსიური განყოფილება, ანუ რეანიმაცია, მიიღებს პირველ ჯერზე ამ პაციენტებს და ამის შემდეგ უკვე საჭიროა განყოფილება, რომელიც ინტენსიურიდან გადმოიბარებს პაციენტებს, რადგანაც ვიცით, რომ ტესტის ნეგატიურობას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება და ამ პაციენტებმა ეს ძვირფასი ადგილები რეანიმაციაში რომ [ტყუილად] არ დაიკავონ, აუცილებელია, გადინებაც მოხდეს. ამიტომ, განყოფილებების ნაცვლად, შეიძლება შეივსოს „ნონ-კოვიდ“, კოვიდ, სტაბილური მდგომარეობის პაციენტების კლინიკა და ასე შეიქმნება ქსელი.

გარდა ამისა, აუცილებელია რეანიმაციის ცენტრი, როგორიც არის ჩვენი, შარიტეს კლინიკა. ყველგან, სადაც კი დამძიმდება პაციენტის მდგომარეობა, გვირეკავენ, მივდივართ და მოგვყავს. ასეთი ერთი ცენტრი უნდა არსებობდეს საქართველოში, ეს აუცილებელია.

აგრეთვე, თბილისის გარდა, გვაქვს რაიონები. მე არ მიმიწვდება ხელი, ვერ მოვიპოვე ინფორმაცია, რა ხდება რაიონებში. მაგრამ შეიძლება თბილისში გასაკეთებელი ქსელის მსგავსი გაკეთდეს რაიონებში — ქუთაისის ქსელი, ბათუმის ქსელი, თელავის ქსელი და ა.შ. მაგრამ უნდა იყოს ერთი წამყვანი კლინიკა, როგორც ჩვენია, მაგალითად, რესპუბლიკური საავადმყოფო, და ყოველდღე ამ კლინიკებთან იყოს კონტაქტში. 

რაც შეეხება რეანიმატოლოგების რაოდენობას — სულ მუსირებს ციფრი, რომ 430 რეანიმატოლოგი გვყავს. ძალიან კარგი, 430 რეანიმატოლოგი დიდი სიმდიდრეა. მაგრამ არ ვითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი ცვლაში მუშაობს — ხომ არ ვითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი თვეების განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვამუშაოთ? ერთ დღეში ერთ პაციენტს სჭირდება მინიმუმ 2 რეანიმატოლოგი, შესაბამისად, ეს ციფრი განახევრდა, 430 აღარ გვყავს. არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს ხალხი დაინფიცირდება — არა ვაითუ დაინფიცირდეს, არამედ აუცილებლად დაინფიცირდება. ანუ, რაღაც პერიოდში ეს ხალხი ამოვარდება — მერე რას ვშვრებით? ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია მინიმუმ უმცროსი ექიმის გადანაწილება რეანიმაციაში, როგორც ეს გერმანიაში მოხდა. მაგალითად, 10 პაციენტზე რომ იყოს ერთი რეანიმატოლოგი და 3 უმცროსი ექიმი. თითოეულ უმცროს ექიმს ეყოლება სამი-ოთხი პაციენტი, იქნება მუდმივ კავშირში ამ ერთ რეანიმატოლოგთან და შეასრულებს ყველა ფუნქციას, რასაც ის დააკისრებს. 

რაც შეეხება ინფექციოლოგებს, 200 გვყავს და ერთ კლინიკას ერთი ინფექციონისტი უპრობლემოდ ეყოფა. ინფექციონისტი უნდა იყოს კავშირში რეანიმატოლოგთან, ნახოს ლაბორატორიული მაჩვენებლები, რენტგენი და დანიშნოს დანიშნულება. 

რაც უმცროს ექიმებს შეეხებათ, იმ დღეს წავიკითხე მიმართვა ერთი ქართველი უმცროსი ექიმის, ჩვენ ვართ უმცროსი ექიმები, ვისაც ადგილი არ აქვს, სახლში ვართო, ნამუშევარი ვართ ინტენსიურში, ყველაფერი ვიცითო და სიამოვნებით ჩავერთვებით ამ საქმეშიო. გერმანიაში არის ვაკანსიები კოვიდ-19-ისთვის გამოცხადებული –  ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ პანდემიის დროს ექნება ამ ექიმს ადგილი, პანდემია დამთავრდება თუ არა, ხელშეკრულება უქმდება. იქნებ ეს ხალხი ამ მიზნით მაინც ჩავრთოთ საქმეში. გვყავს ექიმები და ამ მობილიზაციაზე მაქვს საუბარი. დღეს დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და იმედი მაქვს, გაგრძელდება კიდეც.

არ შემიძლია არ გკითხოთ პლაქველინთან დაკავშირებით. დღესაც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ამ მიმართულებით პროტოკოლში არაფერი შეიცვლება. როგორია თქვენი რეკომენდაცია და იყენებთ თუ არა გერმანიაში ამ პრეპარატს?

არ მივცემ თავს უფლებას, ბატონ თენგიზს რამე რეკომენდაცია მივცე. თუ ის პროტოკოლს არ ცვლის, ამის მიზეზი ექნება, მაგრამ ეს მიზეზი ჩემთვის ცნობილი არ არის. 

რაც შეეხება ჩემს კლინიკას, ეს სხვა სტანდარტია, სხვა მიდგომაა. ქართულ-გერმანული სამედიცინო სტანდარტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო კლინიკების.

არცერთი სპეციფიური მედიკამენტი კვლევის გარეშე არ დაგვინიშნავს და არც დავნიშნავთ. ჩვენს კლინიკაში ამჟამად ტარდება რემდესივირის კვლევა და ერთადერთი პრეპარატი, რაც პაციენტებს ეძლევათ, არის რემდესივირი.

პლაქველინი არ დაგვინიშნავს. პლაქველინის კვლევას არ ველით და შემდეგი კვლევა იქნება კამოსტატის, ეს პროფესორ დროსტენის ინიციატივაა. რაღაც ნაწილი პაციენტების ამ კვლევაში ჩაერთვება, მაგრამ სანამ კვლევა არ დაიწყება, პაციენტებს ეს მედიკამენტი არ მიეცემათ. პლაქველინს რაც შეეხება, ჩემი კლინიკის მიდგომა ასეთია-  იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, პლაქველინის ეფექტს ეჭვქვეშ ვაყენებთ. 

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ბათუმში ოთხ პაციენტთან სამკურნალოდ გამოიყენეს ოზონოთერაპია. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ კომენტარის გაკეთების სურვილი — გამოიყენება თუ არა ეს კოვიდ-19-თან ბრძოლაში ან უნდა გამოყენებულიყო თუ არა? 

[იცინისი] გერმანიაში მაგ აზრამდე ჯერ ვერ მივედით. თუ ოდესმე დაინიშნა და გავაკეთეთ, შემდგომში მოგახსენებთ. ძალიან ეჭვით ვუყურებ მე მაგას. 

ვარაუდობთ თუ არა მეორე ტალღას? 

მეორე ტალღა იქნება, წელს თუ არა მომავალ წელს მაინც, მაქსიმუმ ზამთარში ველოდებით, ორი აზრი არ არის. 

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, აუცილებელია მას შემდეგაც კი, რაც შეზღუდვები შესუსტდება, ტერიტორიული იზოლაციის დაცვა, დისტანციის დაცვა მინიმუმ 1,5 ან 2 მეტრის, აუცილებელია პირბადის ტარება, აუიცლებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა. 

ანუ, ვაქცინამდე ამ ცხოვრების სტილს უნდა მივყვეთ?

აუცილებლად. ჯერჯერობით პანდემია გვაქვს, ვაქცინა არ გვაქვს, მედიკამენტი არ გვაქვს, რა ლოგიკით უნდა შევცვალოთ ცხოვრების სტილი?

რასაც საქართველომ მიაღწია, ამის გაფუჭება უბრალოდ დანაშაული იქნება. ძალიან კარგი შედეგია და ეს შედეგი არ ჩამოფრენილა ციდან, ეს შედეგი არის უდიდესი შრომის შედეგი, ეპიდემიოლოგების, ვირუსოლოგების. 

მადლობა მათ, პოლიციას და იმ სტუქტურებს, რომლებიც შეზღუდვებს ატარებენ — ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავენ სხვისას.

ამ ხალხს უნდა დავუფასოთ ეს შრომა და ამ შრომის წყალში ჩაყრა არ იქნებოდა სწორი. 

ბოლო კითხვა, ამით დავასრულებთ თქვენთან საინტერესო საუბარს. დღეის მდგომარეობით, რა გაძლევთ სიმშვიდის საფუძველს?

სიმშვიდის საფუძველს მაძლევს გერმანიის სტრუქტურა და ის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება … 

ბოლო დროს იყო განცხადებები, რომ შეიძლება ითქვას, საქართველო პიკშია. ასეთი განცხადება გააკეთა ბატონმა პაატა იმნაძემ. 

ვახსენეთ, რომ შეიძლება ზაფხულში შესუსტდეს ვირუსის ბრუნვა და შემცირდეს პაციენტების რაოდენობა, მაგრამ პიკს დავარქმევდი იმას, რაც იტალიას ჰქონდა და რაც ნიუ-იორკს აქვს დღეს, პიკი ბერლინშიც კი არ გვაქვს, სანამ ჰოსპიტალური სექტორი გადავსებული არ არის და შესაძლებელია იტალიის მსგავსი ციცაბური მატება არ მოხდეს ზუსტად იმის გამო, რომ დათბა და ზაფხული დაგვემთხვა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქ გაჩერდება.

გვჭირდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დღეს აქ დაწყებულია. ის, რომ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორს ყურადღება დაეთმო, ეს მაძლევს დღეს სიმშვიდის საშუალებას.  სიმშვიდის საშუალება მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორის მომზადება იქნება, სხვა შემთხვევაში მშვიდად ვერ ვიქნებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი