მეტეოროლოგების განცხადებით, 2020 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი წელიწადი იქნება.
როგორც The Guardian წერს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საპასუხოდ არაერთ ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, რამაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია, მას არ მოუხდენია ზეგავლენა კლიმატის გაგრილებაზე, რაც უფრო ღრმა, ხანგრძლივვადიანი ზომების გატარებას საჭიროებს.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 75 პროცენტია იმის შანსი, რომ 2020 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი იქნება. თუმცა, ამავე უწყების თქმით, იმის შესაძლებლობა, რომ 2020 წელი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდება, 99.9 პროცენტია.
ანალოგიური კვლევა ჩაატარეს ნასას ინსტიტუტშიც, სადაც ვარაუდობენ, რომ 60 პროცენტია შანსი, 2020 წელი რეკორდულად ცხელი იყოს. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური კი ამის შესაძლებლობას 50%-ით აფასებს.
როგორც The Guardian წერს, მიმდინარე წლის იანვარი ყველაზე ცხელი იყო. იანვარში კი ანტარქტიდაზე განთავსებულ კვლევით ცენტრში პირველად დააფიქსირეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 20 გრადუსი ცელსიუსი. გრელანდიაში კი რეკორდული 6 გრადუსი ცელსიუსი აპრილში აღრიცხეს.
The Guardian-ის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში ტეპერატურის მატება ყველაზე საგრძნობი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში იყო, სადაც ტემპერატურა საშუალოს აჭარბებდა 3 გრადუსით. ამჟამად კი უჩვეულო ტემპერატურის მატება აშშ-ში შეინიშნება. გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ პარასკევს ლოს ანჯელესის გარეუბანში ჰაერის ტემპერატურამ 34 გრადუსს მიაღწია, რეკორდულ სიცხეს ელოდებიან ავსტრალიის დასავლეთ ნაწილშიც.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დროებით მაინც შემცირდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა (ემისია), მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სითბური აირები ატმოსფეროში კვლავ პრობლემურ მაჩვენებელზე რჩება:
“კლიმატის კრიზისი უეჭველად გრძელდება. წელს ემისიები შემცირდება, თუმცა კონცენტრაციები მაინც იზრდება. საეჭვოა სათბური აირების მიმართულებით შემცირება ვიხილოთ. ახლა უნიკალური შანსი გვეძლევა, ჩვენს გადაწყვეტილებებს გადავხედოთ და უფრო მდგრადი ენერგიის წყაროებსა და ტრანსპორტზე დავფიქრდეთ”, – უთხრა The Guardians-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარმა კარსტენ ჰაუსტაინმა.