ახალი ამბები

პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება – მინისტრი

28 აპრილი, 2020 • 1267
პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20-25 ლარით გაიზრდება – მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მალე საქართველოში პენსიის ინდექსაციის წესი ამოქმდდება, რაც პენსიების ზრდაში ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინებას გულისხმობს.

როგორც დღეს, 28 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე მაჭავარიანმა თქვა, მთავრობა პარლამენტს შესაბამის კანონპროექტს რამდენიმე დღეში წარუდგენს. მაჭავარიანის ცნობთვე, ახალი, ინდექსაციის წესით პენსიის ზრდა 2021 წელს მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით. ანუ ეს არის პენსიის ზრდის მინიმალური მოცემულობა, რომელიც მაღალი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში შეიცვლება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ შევიმუშაოთ წესი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში ყოველწლიურად პენსიონერებს პენსია გაეზარდოთ არა იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, არამედ მოქმედებდეს გამჭვირვალე წესი. ეს გულისხმობს იმას, რომ 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე გვაქვს ქვედა მინიმუმი დაწესებული, რაც 70 წლამდე პენსიონერებისთვის მინიმუმ 20 ლარით პენსიის ზრდას ითვალისწინებს, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით. თუ ჩემ მიერ ნათქვამი წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებლებს 20-25 ლარს გადააჭარბებს, მაშინ ეს იქნება ძალაში, სხვა შემთხვევაში პენსიის ზრდა გარანტირებულად 20 და 25 ლარით მოხდება”, – ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრის თქმითვე,  პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მთავრობა საკუთარ დაპირებას არ ცვლის და ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პირებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტი დღეს საკმაოდ დიდ გამოწვევებს განიცდის, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ ამ კონტექსტში პენსიის ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი