თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის დადასტურების შემდეგ მუნიციპალიტეტის ცენტრი იკეტება.
ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 20 შემთხვევა დადასტურდა, — განაცხადა 26 აპრილს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.
ეს შემთხვევები 26 აპრილს გამოცხადებულ 35 შემთხვევაში შედის. 20 ინფიცირებულზე საუბრისას იმნაძემ ასევე თქვა, რომ თეთრიწყაროში სამედიცინო პერსონალიც არის ინფიცირებული:
„თეთრიწყაროში სამწუხაროდ არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში“.
პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ვირუსის დროული შეკავებას თეთრიწყაროშიც მოახერხებენ.
მისი განცხადებიდან ცოტა ხანში განცხადება გააკეთა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. მისი თქმით მიიღეს „მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რადგან „მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება“.
„დილიდან მიდის შესაბამისი პოლიციური დანაყოფებისა და თავდაცვის დანაყოფების მიერ შესწავლა გეოგრაფიის და პრაქტიკულად უკვე რეალიზდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი“, – აცხადებს ის რ2-თან საუბრისას.
მისივე ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება — „სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის“…
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 21 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უშუალოდ ქალაქ თეთრიწყაროში კი, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია, 3000-ზე მეტი.
26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 29-ით გაიზარდა და 485 შეადგინა. წინა დღეს, 25 აპრილს, 456 შემთხვევა დასტურდებოდა, — 25-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.
ამასთან, 26 აპრილს დადასტურდა კიდევ ერთი, მე-6 პაციენტის გარდაცვალება — როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც პარალელურად გულის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა…
უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
- მათ შორის გარდაცვლილი – 6
- კარანტინის რეჟიმში – 4928
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
ნახეთ ასევე:
კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა