ახალი ამბებისაზოგადოება

რა ვიცით კორონავირუსზე 5 თვის თავზე?

17 აპრილი, 2020 • 5090
რა ვიცით კორონავირუსზე 5 თვის თავზე?

ახალმა კორონავირუსულმა დაავადებამ, COVID-19-მა მთელ მსოფლიოში, ფაქტიურად, ყველაფერი შეცვალა — დაავადდა და გარდაიცვალა უამრავი ადამიანი, შეწყდა ეკონომიკური აქტივობა, მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია ან ბრძანება, დარჩნენ სახლებში, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაწესდა კომენდანტის საათი.

ახალი კორონავირუსი არაა პირველი, მის გამოჩენამდე, 21-ე საუკუნეში ორი ამგვარი — SARS და MERS იყო. თუმცა მათი გავრცელება ასეთი ფართომასშტაბიანი არ ყოფილა და, შეაბამისად, უარყოფითი შედეგებიც ბევრად უფრო ნაკლები ჰქონდა — ორივეთი, მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანობაში, დაავადდა დაახლოებით 10,000 ადამიაინი.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ვუჰანში აღმოჩენილი ახალი კორონავირუსი აქამდე არ იყო ცნობილი მეცნიერებისთვის, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ვაქცინა თუ სამკურნალო პრეპარატი. თუმცა ვირუსის კვლევა უკვე უპრეცედენტო მასშტაბით მიდის — საინტერესოა, რა იციან დღეისთვის მეცნიერებმა ამ საკითხის ირგვლივ? ბრიტანულმა “გარდიანმა” რამდენიმე მეცნიერის მოსაზრებები გამოაქვეყნა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

საიდან წამოვიდა ახალი კორონავირუსი და როგორ დააინფიცირა პირველი ადამიანი?

როგორც „გარდიანი“ წერს, უკვე თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი კორონავირუსი პირველად აღმოაჩნდათ ღამურებს, რომლებსაც, მკვლევრების თქმით, ამ ტიპის ვირუსებისთვის ძლიერი იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული.

ამ იმუნიტეტის გამო ვირუსები უფრო სწრაფად მრავლდებიან, რის შედეგადაც ღამურები წარმოადგენენ სწრაფად გამრავლებადი და გადამდები ვირუსის „საცავებს“. შემდეგ ვირუსები გადაეცემათ სხვა ძუძუმწოვრებს, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი სწრაფი რეაგირების იმუნური სისტემა, შედეგად კი, ვირუსი სწრაფად ვრცელდება.

დიდი ალბათობით, SARS-CoV-2-მა ადამიანების დაინფიცირება დაიწყო შუალედური სახეობებისგან, როგორებიც პანგოლინებია.

„ვირუსი ალბათ გადაეცა ღამურადან სხვა ცხოველს, რომელიც ახლოს იყო ადამიანთან, შეიძლება [ველური ცხოველების] ბაზარში“, — მოჰყავს „გარდიანს“ სიდნეის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორის, ედუარდ ჰოულმსის სიტყვები. „მაგალითად, თუ გარეულ ცხოველს აქვს ღამურისგან მიღებული ვირუსი და ჩვენ მასთან გვაქვს შეხება, დიდი შანსია, რომ ვირუსი გადაეცეს ადამიანს. შემდეგ ადამიანი, ვისაც ცხოველთან ჰქონდა შეხება, მივა სახლში, ვინმე სხვას გადასცემს და გვექნება აფეთქებაც“.

როგორ ვრცელდება ვირუსი და რა გავლენას ახდენს ადამიანებზე?

ხდება ინფიცირებული ნაწილაკების შესუნთქვა და კონტაქტში შედის ყელისა და ხორხის უჯრედებთან. ამ უჯრედებს აქვთ Ace-2-ის სახელით ცნობილი რეცეპტორების დიდი რაოდენობა. „ამ ვირუსს აქვს ზედაპირზე ცილა, რომელიც მზადაა დაბლოკოს ეს რეცეპტორი და რნმ-უჯრედში თავისი შეიყვანოს“, — მოჰყავს „გარდიანს“ ჯონატან ბოლის სიტყვები. ბოლი ნოტინგემის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორია.

როდესაც უჯრედში აღმოჩნდება, ეს რნმ იჭრება უჯრედის რეპლიკაციის მექანიზმში და ქმნის ვირუსის რამდენიე ასლს, რის შემდეგადაც ვირუსი სცდება უჯრედს და ინფექციაც ვრცელდება. ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერაა გენერირებული, საბოლოო ჯამში, მიზანში იღებს ვირუსს და შემთხვევათა უმრავლესობაში აჩერებს მის განვითარებას.

„COVID-19 ინფექცია ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა, რაც რეალურად ვირუსის წარმატების საიდუმლოა“, — აღნიშნავს ბოლი. „ბევრი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, რომ ინფექცია აქვს, ამიტომ დადის სამსახურში, სახლში, სუპერმარკეტში და სხვებს აინფიცირებს“.

შედარებისთვის, კორონავირუსი SARS პაციენტებს ბევრად უფრო მძიმედ აავადებდა და დაახლოებით 10 ინფიცირებულიდან 1-ს კლავდა. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, ხდებოდა დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია, რის შედეგადაც გადაცემის ჯაჭვი წყდებოდა.

რატომ იწვევს ვირუსი გარდაცვალებას?

ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსი იწვევს სერიოზულ პრობლემებსაც. ეს ხდება მაშინ, როცა ვირუსი სცდება რესპირატორულ ტრაქტს და დაავადება გადადის ფილტვებზე, სადაც კიდევ უფრო მეტი უჯრედია, რომელსაც ვირუსისთვის ხელსაყრელი ACE-2 რეცეპტორი აქვს. გარდიანის ცნობით, ამ უჯრედების დიდი ნაწილი ნადგურდება და ფილტვები ივსება „გაფუჭებული“ უჯრედებით, რის გამოც პაციენტებს სერიოზული მკურნალობა, ზოგჯერ კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა სჭირდებათ.

ზოგჯერ საქმე უარესადაა — ადამაინის იმუნური სისტემა მაქსიმალურ დატვირთვაზე გადადის და უჯრედებს „ერეკება“ ფილტვებში, რათა იქ შეუტიოს, ეს კი ფილტვების ანთებას იწვევს. შემდეგ პროცესი კონტროლს აღარ ექვემდებარება — ბრძოლაში შედის უფრო მეტი იმუნური უჯრედი და ანთება უარესდება. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი ლეტალურად დამთავრდეს.

თუმცა უცნობია, რატომ აქვს ასეთ შემთხვევებს ადგილი პაციენტების მცირე ნაწილში და არა უმრავლესობაში. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ასეთი შემთხვევები უფიქსირდებათ ადამიანებს, რომელთა ACE-2 რეცეპტორები კორონავირუსის შეტევებისადმი უფრო მოწყვლადია.

ინფიცირების შემთხვევაში გვექნება თუ არა იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ექიმები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ამოწმებენ, ამბობენ, რომ მათ სისხლში [ვირუსის] ნეიტრალიზებული ანტისხეულების საკმაოდ დიდ რაოდენობას პოულობენ, იუწყება „გარდიანი“. ეს ანტისხეულები იმუნური სისტემის მიერაა შექმნილი. ისინი ხელს უშლიან ვირუსის შესაძლებლობას, უჯერედებში შეიჭრას.

„ცხადია, რომ იმუნური სისტემის რეაქციას ადგილი აქვს COVID-19-ის წინააღმდეგაც, დაავადებული ადამიანების შემთხვევაში. ამ რეაქციის შედეგად შექმნილი ანტისხეულები უზრუნველყოფს დაცვას მომავალი ინფიცირებისგან, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ალბათობით, ეს დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გასტანს“, — მოჰყავს „გარდიანს“ ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგი პროფესორის, მაიკ სკინერის განცხადება.

როგორც „გარდიანი“ წერს, ვირუსოლოგთა უმრავლესობის აზრით, COVID-19-ის იმუნიტეტი ერთი ან ორი წელი გასტანს, რაც მაიკ სკინერის თქმით, ნიშნავს, რომ ახლა პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილიც რომ დაინფიცირდეს, მაინც შესაძლებელია, მომავალში ვირუსის სეზონურ აფეთქებებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა მეცნიერთა აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება გახდეს ვირუსი ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად ლეტალური იქნება თუ მეტად. როგორც სკინერი ამბობს, COVID-19-ის საფრთხისგან საბოლოოდ მაინც ვაქცინაცია გაგვათავისუფლებს.

როდის იქნება მზად ვაქცინა?

როგორც „გარდიანი“ წერს, წინა პარასკევს ჟურნალ Nature-მა დაწერა, რომ მსოფლიოში ვაქცინის 78 პროექტი უკვე დაწყებულია, 37 კი ჯერჯერობით გეგმაშია. პირველი ფაზის ტესტირებაშია ერთი პროექტი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ორი- ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კორპორაციებში, სამი კი – ჩინეთში.

თუმცა, როგორც „გარდიანი“ იტყობინება, ვაქცინის შექმნის პროცესი მაინც ხანგრძლივ პერიოდთან არის დაკავშირებული, რადგან ბევრ ტესტირებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს.


კორონავირუსით ამჟამად მსოფლიოში 2 მილიონზე ადამიანი მეტია დაავადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი