თურქეთში Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 491-ს შეადგენს. ხელისუფლებაც და “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც” ვირუსის გავრცელების სტატისტიკის დასტაბილურებაზე მიუთითებენ, რაც WHO-ს თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მიერ 23 აპრილის საღამოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს 3 116 ინფიცირებული დაემატა, ჯამური ოდენობა კი 101 790-ს შეადგენს. დაფიქსირდა გარდაცვალების 115 ახალი შემთხვევა. 18 491-ს მიაღწია იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და კლინიკები დატოვეს, ტესტირება კი სულ 791 906 პირს ჩაუტარდა.
“დღეს უკეთესი ვითარება გვაქვს, ვიდრე გუშინ. ამ წერტილამდე მოვედით 791 906 ტესტით, რომელთაგან არცერთი ჩატარებულა შემთხვევით”, – აღნიშნავს მინისტრი.
მანამდე კი “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის დასტაბილურება შეინიშნება.
“…საერთო მაჩვენებელი თურქეთში ისეთია, რომ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს ან სტაბილურდება. ჯამში, ვხედავთ ოპტიმიზმის ნიშნებს”, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინ სმოლვუდმა პრესკონფერენციისას, თურქული Bianet-ის თანახმად.
ინფიცირებულთა რაოდენობით თურქეთი პირველ ადგილზეა აზიის სახელმწიფოთა შორის. მეორე კვირაა, რაც ქვეყნის დიდ პროვინციებში კარანტინია დაწესებული. ათეულობით ქალაქს შორის აკრძალულია მგზავრობა.