ახალი ამბები

დღეს 8 პაციენტი გაეწერება, ხვალ, შეიძლება – 17 – რატიანი

23 აპრილი, 2020 • 1143
დღეს 8 პაციენტი გაეწერება, ხვალ, შეიძლება – 17 – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკიდან გაეწერება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული, დღეს 8 ინფიცირებული პაციენტი ეწერება კლინიკიდან ბოლო 24 საათში. ყველაზე მეტად გვახარებს იმიტომ, რომ ამდენი პაციენტი არასდროს არ გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17 პაციენტზე. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიაში ტესტების ხელახლა გაგზავნას და თუ ხვალ მოვიდა ეს 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ უკვე 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე. 1 პაციენტი, რომელიც არის 67 წლის ბატონი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ, მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკულად. მისი სიმძიმე გამოწვეულია ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა. დანარჩენი სამი პაციენტი ასევე არის მძიმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. ასევე გვყავს 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია”, – განმარტა რატიანმა.

23 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე დაფიქსირდა კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 და გარდაიცვალა 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 584. უცხოეთიდან სამკურნალოდ ქვეყანაში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი