ახალი ამბები

გარკვეული ხარვეზი იქნება – მეზვრიშვილი საგანგებო ზომების შერჩევითობასთან დაკავშირებით

22 აპრილი, 2020 • 1037
გარკვეული ხარვეზი იქნება – მეზვრიშვილი საგანგებო ზომების შერჩევითობასთან დაკავშირებით

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებით ოპოზიცია მოქალაქეებს ირიბად მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობას არ დაემორჩილონ.

მეზვრიშვილის თქმით, არასწორია მოსაზრება, თითქოს მთავრობა დაუსაბუთებლად და “ჰაერზე” ითხოვს საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას.

“არ აფასებთ, საგანგებო მდგომაროების გამოყენებამ, თუნდაც ჯანდაცვის სისტემებისთვის დროის მოგებამ, რა პოზიტიური შედეგები მოგვიტანა. თქვენ ცდილობთ,  რომ შეასუსტოთ არგუმენტები და აქცენტები გადაიტანოთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ისე წარმოაჩენთ, თითქოს ამ გეგმის დღეს წარმოდგენა გჭირდებოდათ იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას”, – მიმართა მეზვრიშვილმა ოპოზიციას.

მისი თქმით, კარგად ესმის, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას გადაადგილების უფლება მიეცა, სხვა შპს-ს არ მიეცა და ა.შ.

“ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. იმასაც ხომ კარგად აცნობიერებთ, რომ ეს ეპიდემია ჩვენთვის მოულოდნელი იყო. გარკვეული ხარვეზი იქნება და ამ ერთი და ორი ხარვეზის გამო თქვენ მოქალაქეებს ეუბნებით, რომ მასობრივად მიდგომა შერჩევითია, კანონი არ სრულდება და ამიტომ მოდით, თქვენც არ დაემორჩილოთ. არ ითვალისწინებთ იმას, რომ შეზღუდვების არდამორჩილებას ხვალ შეიძლება მოჰყვეს იტალია, ესპანეთი. თქვენ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, კი ბატონო, ნუ დაუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, 24 აპრილს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს. ეს იქნება ე.წ. კომპენსაციის გეგმა, ანუ, მიზნობრივი სოციალური დახმარების და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.

პარლამენტმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას.

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის უპირობოდ გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს

მასალების გადაბეჭდვის წესი