ახალი ამბები

ჩაცმის წესი ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის

8 ოქტომბერი, 2015 •
ჩაცმის წესი ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის

ამ საკითხზე სიუჟეტი ტელეკომპანია “მაესტრომ” მოამზადა, რომლის მიხედვითაც შესაბამისი ცვლილება მერიის შინაგანაწესში ახლა შევიდა, თუმცა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზოგადად ასეთი წესი მათთან ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა თანამშრომლებს “კიდევ ერთხელ შეახსენეს”. იგი ადასტურებს, რომ შინაგანაწესში ტანსაცმლის კონკრეტული დასახელება, რითიც მოხელეს სამსახურში სიარული ეკრძალება, ჩამოთვლილი არ არის და დახეული ჯინსები თუ “ღრმა დეკოლტეები” მათი ინტერპრეტაციაა:

“[შინაგანაწესში] კონკრეტულად არ შეიძლება პირდაპირ იყოს დაწერილი, რომ დახეული ჯინსებით არ მოხვიდეთო… ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია და იქ წერია საჯარო მოხელისთვის შესაფერისი ჩაცმულობა.

… მე გავაჟღერე ის, თუ რას ნიშნავს ეს, რომ დახეული ჯინსებით არ უნდა იარონ, ღრმა დაკოლტეთი, ზომაზე მოკლე ქვედაბოლოთი და სპორტული ღია ფერის [ფეხსაცმლით]”, – ამბობს ჯავახია ნეტგაზეთთან საუბარში.

 

რაც შეეხება სანქციას, რომელიც მოხელეს დრესკოდის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება, ზვიად ჯავახია აცხადებს:

 

“უბრალოდ გაფრთხილება, რომ აღარ ჩაიცვა. თუ კიდევ ჩაიცვამს, მაშინ დაარღვევენ შინაგანწესს, [რასაც] ალბათ სიტყვიერი გაფრთხილება [მოჰყვება], სამსახურიდან მაგის გამო არ დაითხოვენ. თუმცა, თუ [დარღვევას] რეგულარული ხასიათი ექნება, შეიძლება მკაცრი ზომების მიიღებაც”.

 

ჯავახიას თქმით, მის მიერ დასახელებულ შინაგანაწესს ბევრი თანამშრომელი არ არღვევდა. კითხვას, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში დრესკოდის საკითხის აქტუალიზაციის აუცილებლობა, იგი ამბობს:

 

“უბრალოდ შევახსენეთ.. ჩემთვის არაა ნათელი, რატომ მოყვა ამას ასეთი აჟიოტაჟი. ყველამ იცის- რა, როგორ უნდა გააკეთოს”.

 

მისივე თქმით, დრესკოდის კონტროლს მერიის ადმინისტრაციის სამსახური განახორციელებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ როგორ განსაზღვრავენ ჩაცმულობის შინაგანაწესთან შესაბამისობის საკითხს, მაგალითად, მოკლეა თუ არა ქვედაბოლო ან დახეულია თუ არა ჯინსი საკმარისად, ჯავახია აცხადებს:

“ ჩაცმულობა თვითონ მეტყველებს. გამომწვევია თუ არა მისი ჩაცმულობა, ეს თანამშრომლებმაც კარგად იციან. თუ ჩაითვლება, რომ ის გამომწვევია და მოქალაქეები ამაზე უკმაყოფილებას გამხოატავენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს”, – აცხადებს ჯავახია.

მასალების გადაბეჭდვის წესი