“პატრიოტთა ალიანსი” საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, მხოლოდ კარანტინის რეჟიმი შეინარჩუნოს.
“არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. შვედეთის მაგალითს გაგახსენებთ და გავიაზროთ, რომ ბევრი ქვეყანა მიდის უკვე მძიმე შეზღუდვების მოხსნაზე. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომაროების 22 მაისამდე გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.
ირმა ინაშვილმა მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ დრომდე მასობრივი ტესტირება არ ხდება. ასევე თქვა, რომ გადასახედია “ცხელი ხაზის” მუშაობის პრინციპი, ვინაიდან დატვირთვას ვერ აუდის. ასევე, ჩამოსაწერია საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები.
“ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანებს. ერთია, რომ ვზრუნავთ მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მეორეა, რომ არ შევუქმნათ მტანჯველი გარემო. მიხარია, რომ ბევრს აქვს კერძო სახლი და ეზო და მათ შვილებს შეუძლიათ, ამ ეზოში ირბინონ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს სივიწროვეში ცხოვრობს. როცა ვამბობთ “დარჩი სახლში”, ძალიან მკაფიო პროგრამა უნდა გვქონდეს, სოციალურად როგორ ვეხმარებით ამ ადამიანებს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი პარლამენტში დღეს განიხილება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და “ევროპული საქართველოს” განცხადებით, ძალაში რჩება მათი წინაპირობა იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.
კორონავირუსის მართვაზე შვედური მოდელის შესახებ წაიკითხეთ აქ