„ამ საკითხზე მწვავე დისკუსია გაიმართა, განხილვისას თანათავმჯდომარეებმა დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა ჩვენი პოზიციების მიმართ. აღინიშნა, რომ ამჟამად არსებული მდგომარეობა მიუღებელია და აუცილებელია ამ მიმართულებით გამოსავლის გამონახვა, რათა მოსახლეობის უფლებების ადგილზე დაცული იყოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.
„დისკუსიების ყველა ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, რა თქმა უნდა, განვიხლეთ დევნილთა დაბრუნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიებზე მუდმივად ხდება დევნილთა დაბრუნების საკითხის პოლიტიზება, ეს თემა კვლავაც იქნება ჰუმანიტარული ჯგუფის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს, მისცენ ბიძგი დევნილთა დაბრუნების საკითხის სამართლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დამუშავების პროცესს, რათა ამდენი რაუნდის შემდეგ დაიწყოს ამ საკითხის იმპლემენტაცია. დევნილთა დაბრუნების თემა ქართული მხარისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა და მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით”.
როგორც ციხელაშვილი ამბობს, ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე მავთულხლართების დაყენების პრობლემა.
“მოვითხოვეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიწებზე წვდომის საშუალება მიეცეს. ვიმსჯელეთ ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის იუნესკოს ჩართვა. ასევე, განვიხილეთ გარემოსდაცვითი პრობლემები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შესახებ აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელბი არ დასწრებიან დევნილთა საკითხებზე მიმდინარე დისკუსიას.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი – 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართა.