ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები თბილისშიც განხორციელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.
ასევე, ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, რეგიონებში კი შემნახველი მეურნეობები აშენდება. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წლების მანძილზე მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის დასაქმებას და მეჩაიეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
რეგიონებში კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შემნახველი მეურნეობების აშენება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის განვითარებას და პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაიწყება.