„ნატოს გენერალური მდივანს შევხვდით თავდაცვის მინისტრთან ერთად, ეს პირველი რიგში, ჩვენი მხრიდან იყო ნიშანი იმის დემონსტრირებისა, რომ ნატო საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხად და პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ასევე, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მთავრობისთვის,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ მიაღწია ნატოში ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს საქართველოს შესახებ, მის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ აზრის კონსოლიდაცია. გენმდივანმა გააჟღერა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. მან აღგვითქვა დახმარება, რომ მოახდენს ნატოს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაციას, რომ საქართველოს მიერ გაწეული პროგრესი სათანადოდ იქნას აღნიშნული ალიანსის მიერ. თუ რა სახით იქნება ეს აღნიშნული – MAP-ით თუ ასე შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, MAP არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რასაც საქართველო უნდა მოელოდეს ალიანსისგან, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატოს წევრობა. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ხაზი გავუსვუთ შეხვედრაზე. საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წვერობა რჩება უმთავრეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. იენს სტოლტენბერგი მიესალმა უელსის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციას, რომელიც გენერალური მდივნის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, 2015 წლის აგვისტოში შედგა. გენერალურმა მდივანმა ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გამოვლენილ სიმამაცესა და მაღალ პროფესიონალიზმს. იენს სტოლტენბერგმა წუხილი გამოთქვა ცოტა ხნის წინ ავღანეთში პირველი კლასის რიგით ვასილი ყულჯანიშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო.
გენერალურმა მდივანმა ქართველ მინისტრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა რეგიონში სერიოზული გამოწვევაა საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.