ბაია დავითაია, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, 2008 წლიდან დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, მისი ქმრის ქონების (“ჰოლიდეი ინიდან”, “აჭარაბეთიდან”, “ყაზბეგი რუმსიდან” და სხვა) გაყოფას მოთხოვს.
ბაია დავითაიას ადვოკატის დავით ერისთავის განცხადებით, აღნიშნული ქონება ქორწინების პერიოდში არის შექმნილი და ამიტომ ამ ქონების თანამესაკუთრე ბაია დავითაიაა. იურისტი სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1163-ე მუხლებზე მიუთითებს.
აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება არის თანასაკუთრება. ასევე, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა გადაიქცეს თანასაკუთრებად, თუ ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ქორწინების ხელშეკრულება თემურ უგულავამ და ბაია დავითაიამ 2013 წელს დადეს. ბაია დავითაიას ადვოკატების თქმით, მეუღლეებს შეუძლიათ, რომ საქორწინო ხელშეკრულება დადონ ნებისმიერ დროს.
“საქმე ეხება ქონებას, რომელიც შეიქმნა ქორწინების პერიოდში. ეს ცალსახადაც და ფაქტობრივი გარემოებებით არის დადგენილი, ბაია და თემური როცა იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში”, – ამბობს დავით ერისთავი.
ბაია დავითაიას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი სარაჯიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს სასტუმრო აჭარა იყო უფუნქციო შენობა და სწორედ ქორწინების დროს გადაიქცა ის მომგებიან “ჰოლიდეი ინად”.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს სპეციალური ანგარიში, სადაც დადასტურდა, რომ “ჰოლიდეი ინის” საბაზრო ღიდებულება 4-ჯერ გაიზარდა ქორწინების პერიოდში.
ადვოკატები ამბობენ, რომ ამის მიუხედავად მოსამართლემ არ მიიჩნია ბაია დავითაია თანამესაკუთრედ იმ მოტივით, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ბიზნესის ზრდაში. ამ პერიოდში ბაია დავითაია აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც მისი და თემურ უგულავას შვილი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა, საჭირო რეაბილიტაციას გადიოდა.
ანა აბაშიძე და ლიკა ნადარაია, ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე საშიშ პრეცედენტს ადგენს, რომელიც ქალების უფლებების საზიანოდ იმუშავებს.
გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენლი ლიკა ნადარაია ამბობს, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით ბაია დავითაია მიმართ სამართლისადმი ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური უფლება დაირღვა.
“პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, დიდია თუ პატარა ქონება, მთავარია სამართლი, რომელიც უარს ეუბნება ქალს უფლებაზე. ეს არის წმინდად პატრიარქალური გადაწყვეტილება: “მოგცემ, მაგრამ ჩემი ნებით, შენ არაფერი არ გეკუთვნის.”
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის ქალებისთვის, რადგან სასამართლო ქალთა საკითხებსა და საჭიროებებს ვერ ხედავს.
“სასამართლო უგზავნის მშობელს გზავნილს, რომ ან იგნორირება გაუკეთე შენი შვილის უფლებებს, არ იზრუნო მასზე და ამის ხარჯზე გააუმჯობესეთ თანასაკუთრება, ან მხოლოდ შვილზე იზრუნეთ, რომელიც თქვენი მოვალეობაა და თანასაკუთრებად არაფერი არ გეკუთვნით”, – ამბობს ანა აბაშიძე.
ბაია დავითაიას ადვოკატები საუბრობენ, რომ ჩნდება ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობის თაობაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს მათი არც ერთი შუამდგომლობა არ მიიღო, არ მისცა მათ უფლება წარედგინათ საკმარისი მტკიცებულებები და ბოლოს გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
თემურ უგულავას ადვოკატი ქეთი ქვარცხავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ბაია დავითაიას მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან ქონებას, რომლის გაყოფასაც დავითაია ითხოვს, თემურ უგულავა ქორწინებამდე ფლობდა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაყოფას ექვემდებარება ის ქონება, რომელიც შეიქმნა ქორწინების შემდეგ, ან რომელიც გაუმჯობესდა მატერიალურად მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების ხარჯზე ქორწინების განმავლობაში.
“ჩვენი ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ თუ ქონების ფასი გაიზარდა [ქორწინების პერიოდში], მაშინ ქონება ექვემდებარება გაყოფას. ეს ასე არ არის”, – ამბობს ქეთი ქვარცხავა.
ადვოკატის თქმით, თუ ქონების ღირებულება იზრდება იმის ხარჯზე, რომ კომპანია იზრდება თავისთავად და არა იმით, რომ თემურ უგულავა დებს ინვესტიციას ამ კომპანიაში, ეს არ მიიჩნევა თანასაკუთრების კონტექსტში ღირებულების ნაწილად.
“კომპანია ფულს რომ ისესხებს, ეს არ ნიშნავს, რომ ბაია დავითაიამ ან თემურ უგულავამ საკუთარი სახსრებიდან რაღაც გაიღეს, კომპანიას მოახმარეს და მისი ღირებულება გაზარდა, მაშინ, როცა ეს არის ერთ-ერთი მეუღლის ქონება შეძენილი ქორწინებამდე”, – გვეუბნება იურისტი.
ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ გამაღიზიანებელია დავითაიას იურისტების საუბარი მოსამართლის მიკერძოებულობაზე. იგი მიიჩნევს, რომ ამგვარი განცხადბები არის სასამართლოს შეურაცხყოფა და მასზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა.
ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ არც მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა “ჰოლიდეი ინის” 35%-იანი წილის გაყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ბაია დავითაიას საკუთრებაშია.
საქმე შეეხება სასტუმრო “ჰოლიდეი ინს”, რომლის 35% თემურ უგულავამ ბაია დავითაიას აჩუქა. იმის გამო, რომ ეს ქონება ნაჩუქარი იყო, მოსამართლემ არ მიიჩნია თანასაკუთრებად და არ დააკმაყოფილა თემურ უგულავას მოთხოვნა, რომ აღნიშნული 35% ასევე მიჩნეულიყო თანასაკუთრებად.
სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი აქვს გასააჩივრებული თემურ უგულავას, საპელაციო სასამართლოს მიმართა დავითაიამაც. იგი კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლომ თემურ უგულავას ქონების თანამესაკუთრედ სცნოს.