აუდიტის სამსახურის განცხადებით, დარღვევები გამოვლინდა უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერებსა და ამხანაგობების მეშვეობით თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, სასადილოების მომსახურების შესყიდვისათვის სატენდერო კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციით, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულება 92.4 ათასი ლარით გაზარდა.
წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია კი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მოამზადა. ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან გააფორმა. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში – 5595.0 ათასი ლარი. საბოლოოდ, შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში – 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში – 2238.0 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი.
ხარჯთაღრიცხვა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” თავად მოამზადა. შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით.
შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობის შესაფასებლად “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული.
ქვეკონტრაქტორმა ექსპერტიზას ვერ წარუდგინდა შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯები და ამიტომ მათი შემოწმება ვერ მოხერხდა.
2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა „დიდი ლილოს” თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა 431.8 ათასი ლარის ღირებულების გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე, დაირღვა წესები.
ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი – 302.5 ათასი ლარი წარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000″-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, – შპს „კომფორტ მშენმა” არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას, შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას”, ღირებულებით – 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ” სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე,ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000″.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ.