ახალი ამბები

როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება

21 აპრილი, 2020 • 2046
როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების მქონე COVID-19-ით დაავადებული პაციენტების პლაქვენილით მკურნალობას გამორიცხავს და ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი პროტოკოლის მიხედვით, პრეპარატი მხოლოდ დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისას ინიშნება.

ცერცვაძის თქმით, პროტოკოლში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეს პრეპარატი პროფილაქტიკისთვის არ გამოიყენება და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი მეშვეობით მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულ, თუმცა უსიმპტომო პაციენტებს. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს, თუ რა დიაგნოზი აქვს დასმული პაციენტს:

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და ნახოს, რომ პროტოკოლში ხაზგასმით წერია – პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს და ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. წერია, რომ ის კატეგორიულად არ უნდა იქნეს გამოყენებული პროფილაქტიკის მიზნით. ყველა მედიკამენტზე ქვეყნდება ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები, რომ რაღაცაში ის კარგია, რაღაცაში  – არ არის და ჩვენ ამის მიხედვით, ძალიან დინამიკურად ვარჩევთ, ინდივიდუალურად ვწყვეტთ თითოეული პაციენტის მკურნალობას”, – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, პლაქვენილი ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას, აჩქარებს ვირუსის განდევნას ორგანიზმიდან და შესაბამისი სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში ინიშნება:

“შეიძლება ვიღაცა ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ზოგიერთმა – არა. თუმცა გამორიცხულია, სრულიად უსიმპტომოს აძლევდნენ. მსუბუქი და საშუალო სიმპტომებისას შეიძლება ზოგიერთმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ მაინც მისცეს, რომ უფრო მალე გამოჯანმრთელდეს. პლაქვენილი რას აკეთებს, ამსუბუქებს მდგომარეობას და აჩქარებს ვირუსის განდევნას, არაფერი ამით არ შავდება.

პლაქვენილი ინიშნება, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისტუტე, გონების დაბინდვა და, რაც მთავარია, რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუ ეს გამოჩნდა, აუცილებლად უნდა მივცეთ” ,- აღნიშნავს ინდექციურის დირექტორი.

თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატად პლაქვენილის გამოყენების შესახებ კრიტიკასაც უპასუხა. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა რამდნეიმე დღის წინ სოციალური ქსელით პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ  პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში, ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი COVID-19-ის სამკურნალოდ და მას ტოქსიკურ პრეპარატს უწოდებდა, რომელმაც შესაძლოა იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი და შეუქცევადი გართულება გამოიწვიოს.

აღნიშნულის საპასუხოდ ცერცვაძე ამბობს, რომ პლაქვენილი იდეალური მედიკამენტი არაა, თუმცა ამ ეტაპზე, რამდენადაც COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მეტიკამენტი არ არსებობს, ყველაზე ეფექტიანად მიიჩნიეს:

“ამ ფონზე, როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ, გავეცანით რა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა კვლევებს, ასე მივიჩნიეთ. ჯერ კიდევ თებერვალში მივედით დასკვნამდე, რომ არსებული ასორტიმენტიდან პლაქვენილი სხვებს სჯობდა. შევადგინეთ პროტოკოლი და და გავუწიეთ რეკომენდაცია პლაქვენილს, როგორც ერთ-ერთ ძირითად მედიკამენტს”, – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, ქართული პროტოკოლის სისწორეს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომელმაც აღნიშნული პრეპარატი COVID-19-თან საბრძოლველად 28 მარტს ოფიციალურად დაამტკიცა:

“28 მარტს პლაქვენილს COVID-19-ის დროს გამოსაყენებლად ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ (FDA), რომელიც არის უმაღლესი ორგანო, მოდის კანონმდებელი მთელ მსოფლიოში და მის გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილება.

სწორედ FDA წყვეტს, რომელი დაავადების დროს რომელი მედიკამენტის გამოყენებაა მიზანშეწონილი. არსებული რამდენიმე ათეული მედიკამენტიდან FDA-მ რეკომენდაცია იმ ეტაპზე მისცა პლაქვენილს. შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ მანამდე ვაკეთებდით, გამართლდა. პლაქვენილი სულაც არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში სხვებს სჯობს”, – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, საქართველოში COVID-19-ის მართვაზე პასუხისმგებელი პირები მუდმივად ეცნობიან სხვადასხვა წყაროს და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, როგორც პროტოკოლი შეცვალონ, ასევე, სხვა ინოვაციური მიდგომები დანერგონ:

“საქართველოში 408 პაციენტიდან მართვითი სუნთქვა სულ 11-ს დასჭირდა. ვფიქრობ, ასეთი განვითარება დაავადების, როდესაც მათ შორის მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე, აქაც ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პლაქვენილისაა.

თქვენ მალე გაიგებთ, რომ საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ პლაქვენილზე, ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ სხვა პრეპარატი მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ჩვენ ასევე სისტემატურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია. მაგალითად, ჩვენ ვმუშაობთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმის გადასხმაზე. სრულებით არ გაგვიჭირდება, თუ უკეთესი მედიკამენტი გამოჩნდება, უარი ვთქვათ პლაქვენილზე”, – ამბობს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, აღნიშნულ მედიკამენტს უკვე წლებია, ექიმები პაციენტებს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ უნიშნავენ და მასზე უარს არ ამბობენ, ზოგი პაციენტი კი მას წლების განმავლობაში სვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი