ახალი ამბები

ხიდაშელი: ვარშავის შემდეგ ნატო-საქართველოს შორის შუალედური ნაბიჯი აღარ უნდა არსებობდეს

7 ოქტომბერი, 2015 •
ხიდაშელი: ვარშავის შემდეგ ნატო-საქართველოს შორის შუალედური ნაბიჯი აღარ უნდა არსებობდეს

„საქართველოს ამოცანა, მიზანი, სწრაფვა, ოცნება არ არის MAP-ის მიღება. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სტრატეგიულად, საქართველოს მიზანი ნატოში გაწევრიანებაა. ტაქტიკურად თუ ვისაუბრებთ, ამ მინისტერიალის, ისევე, როგორც წინა მინისტერიალებისა და შემდეგი სამიტის ამოცანა ნატოსთან იმ ტიპის ურთიერთობას და ნახტომებით სიარულს გულისხმობს, რომელიც სტრატეგიულ მიზანს დაგვაახლოვებს. რა სახელი დაერქმევა ამას, არ არის მთავარი. ჩემთვის პირადად ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ვარშავის სამიტის შემდეგ აღარ არსებობდეს შუალედური ეტაპი ჩვენს ქვეყანასა და ნატოს შორის. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ MAP არ არის ჩემი ამოცანა, სწორედ, ამას ვგულისხმობ. MAP-ს თუ მივიღებთ, ეს შუალედური ნაბიჯი ქრება და შეგვეძლება, პირდაპირ წევრობის კუთხით დავიწყოთ მუშაობა. თუ არ მივიღებთ, ამოცანა იგივე რჩება – მივიღოთ დეკლარაცია, რომელიც გვეტყვის, რომ შუალედური ნაბიჯი ასევე აღარ გვაქვს. ჩემი არჩევანი რომ იყოს, იდეალური გარემოებაა, ეს გადაწყვეტილება MAP-ის გარეშე დადგეს ვარშავის სამიტზე. ვეთანხმები გენერალურ მდივანს, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე რომელიმე ქვეყანას ჰქონია, ვისაც, მაგალითად, დღეს აქვს MAP“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დასასწრებად გამთენიისას გაემგზავრა. მინისტერიალი 8 ოქტომბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელს ნატოში. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.


ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგა ტომაშ სემონიაკთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი