ახალი ამბები

ამოვიღეთ „ვიკინგი“ და 13 მასრა – გამოძიება „უმისამართო ტყვიის“ საქმეზე

21 აპრილი, 2020 • 2145
ამოვიღეთ „ვიკინგი“ და 13 მასრა – გამოძიება „უმისამართო ტყვიის“ საქმეზე

თბილისის პროკურატურის გამოძიების თანახმად, იმ პოლიციელის ბინიდან, რომლის გასროლილმა ტყვიამაც შუა ხნის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, „ვიკინგის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გასროლილი ტყვიის 13 მასრა ამოიღეს.

პოლიციელს, ინიციალებით ს.გ.-ს, რომლის გასროლილმა ტყვიამ, გამოძიების ვერსიით, საკუთარ სახლში მყოფი შუახნის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, 21 აპრილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს — „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსია ასეთია: 2020 წლის 19 აპრილს შსს-ს თანამშრომელი, ინიციალებით ს.გ., თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. დაახლოებით საღამოს 9 საათზე ნასვამ მდგომარეობაში აივანზე გავიდა და „როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში“, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.

„შედეგად, ს გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, – წერს პროკურატურა.

შენიშვნა: გარეკანის ფოტოზე გამოსახულია ვიკინგის ფორმის პისტოლეტი. ეს არ არის საქმეში არსებული კონკრეტული პისტოლეტის ფოტო.

ვრცლად:

“უმისამართო ტყვიის” საქმეზე პოლიციელს ბრალი „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის“ მუხლით წარუდგინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი