ახალი ამბები

„უმისამართო ტყვიის“ საქმეზე პოლიციელს ბრალი „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის“ მუხლით წარუდგინეს

21 აპრილი, 2020 • 2093
„უმისამართო ტყვიის“ საქმეზე პოლიციელს ბრალი „არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის“ მუხლით წარუდგინეს

პოლიციელს, რომლის გასროლილმა ტყვიამ, გამოძიების ვერსიით, საკუთარ სახლში მყოფი შუახნის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, 21 აპრილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (116-ე) მუხლით დაიწყო, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

განზრახ მკვლელობის (108-ე) მუხლი, რომლითაც მას დღეს წარუდგინეს ბრალი, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ისინი სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავენ.

გამოძიების ვერსია ასეთია: 2020 წლის 19 აპრილს შსს-ს თანამშრომელი, ინიციალებით ს.გ., თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. დაახლოებით საღამოს 9 საათზე ნასვამ მდგომარეობაში აივანზე გავიდა და „როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში“, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.

„შედეგად, ს გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, – წერს პროკურატურა.

„საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის  შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც  ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და ს.გ.-ს საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე, ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი“, – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო“ და „მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ს.გ.-ს ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე, საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით“.


თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (116-ე) მუხლით დაიწყო, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. წაყენებული ბრალდება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის [ამ შემთხვევაში, სიკვდილის] დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

ვრცლად ამ თემაზე:

“უმისამართო ტყვია” – გაუფრთხილებლობა თუ არაპირდაპირი განზრახვა

მასალების გადაბეჭდვის წესი