ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე

7 ოქტომბერი, 2015 •
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე

“ჩვენ ყურადღებით მივყვებით იმ მოვლენებს, რომელიც თქვენ ახსენეთ. ჩვენ მოვუწდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურა, რომელშიც მედია მონაწილეობს, მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით წარიმართოს, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება აქებს საქართველოს თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც მოდელი რეგიონისთვის. ასე რომ, ქმედებები, რომელიც წარმოაჩენს ამ გარემოს შეზღუდვას, ზღუდვას მედიის თავისუფლებას ან რისკის ქვეშ აყენებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია. განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ამიტომ, ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით”, – განაცხადა მარკ ტონერმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.


როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ხალვაშის სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია საქართველოს წილი სხვა პირმა იყიდა, რაც, ასევე, იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.


რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კომპანიას სერიოზული ფინანსური საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან ჩიქოვანს ტელეკომპანიაში ინვესტიცია უნდა მოეზიდა, რომელიც არხის ფუნქციონირებისათვის უაღრესად საჭიროა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ტელეკომპანია ფაქტობრივად დახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი