ახალი ამბები

მადლობა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის – ზურაბიშვილი მოსახლეობას

19 აპრილი, 2020 • 1408
მადლობა მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის – ზურაბიშვილი მოსახლეობას

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა,“ – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ – „ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მაშინ, ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა აღდგომის დღესასწაულზე და თქვა:

“კანონის დაცვა არის აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე. ძალიან კარგად მესმის და არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ აღდგომას შესაძლოა, ვერ შევხდეთ ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოიცავს”, – წერდა ზურაბიშვილი.

გუშინ საღამოს ეკლესიათა ნაწილმა ღამის სააღდგომო წირვა ჩაატარა, მათ შორის, მრევლი შეიკრიბა სამების საკათედრო ტაძრებში. ეკლესიებში ხალხს დაურიგეს პირბადეები და ისინი ერთმანეთის მოშორებით ისხდნენ, თუმცა, მრევლის ნაწილი საერთო კოვზით ეზიარა.

ქუთაისში კი ლიტანიობა ბაგრატის ტაძარში ყოველგვარი დისტანციის გარეშე ჩატარდა. ეკლესიათა ნაწილში სააღდგომო წირვა დღეს დილი 7 საათზე ჩატარდა.

წაიკითხეთ ასევე:

სახელმწიფოსთვის ბრძოლა კანონის დაცვაზე გადის, დარჩით სახლში – ზურაბიშვილი


საქართველოში 19 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 394 შემთხვევა დასტურდება, აქედან 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი