ახალი ამბები

მერია: ბეთლემის ქუჩაზე საავტომობილო გზა 3 თვეში აღდგება

5 ოქტომბერი, 2015 •
მერია: ბეთლემის ქუჩაზე საავტომობილო გზა 3 თვეში აღდგება

თბილისის განვითარების ფონდის განცხადებით, ბეთლემის ქუჩა N10-ში ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის რეაბილიტაციის პროექტის შედგენისას გაითვალისწინეს გზის ამ მონაკვეთზე განიერი საყრდენი კედლის მოწყობა, რისთვისაც აუცილებელია ამ მონაკვეთზე მიწის მოჭრის სამუშაოების ჩატარება.

 

სწორედ აღნიშნული კედლის აშენების შემდეგ, შესაძლებელი იქნება სავალი გზის აღდგენა, რასაც დასჭირდება არაუმეტეს 3 თვე.

 

ფონდის განცხადებით, აღნიშნული გზის შეზღუდვის მიუხედავად, ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს არსებული ალტერნატიული გზით.

 

ბეთლემის ქუჩა
ბეთლემის ქუჩა

კონტრაქტორ კომპანია „GBC”-ისა და გზის აღნიშნული მონაკვეთის მომიჯნავე მიწის კერძო მესაკუთრეს შორის მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება და მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოსახლეობისთვის დამატებით მოეწყოს შედარებით მოკლე საავტომობილო გზა, რომლის მშენებლობაც 10 დღის ვადაში განხორციელდება.

 

ფონდის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟი 2014 წლის ივლისში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა. დემონტაჟის პროცესში, გზის ჩანგრევის თავიდან ასაცილებლად, ჩატარდა  სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ უსაფრთხოების მიზნით საჭირო იყო საყრდენი კედლის შენარჩუნება სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე.

 

თბილისის განვითარების ფონდმა ბეთლემის ქუჩა N10-ში  საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
თბილისის განვითარების ფონდმა ბეთლემის ქუჩა N10-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

3 ოქტომბერს, უსაფრთხოების მიზნით, პროექტით გათვალისწინებული მიწის მოჭრის სამუშაოების ჩასატარებლად კონტრატორმა კომპანია „GBC”-იმ სამშენებლო ღობე საავტომობილო გზაზე 3 მეტრით გადაწია (რაც პროექტით გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო). ღობე მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ თვითნებურად მოშალა, რის შედეგადაც ავტომანქანების მოძრაობამ გზის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია, აცხადებს მერია. 

 

ფონდის ცნობით, ბეთლემის ქუჩა N10-ში სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მიზნით უკვე აღდგენილია დროებითი სამშენებლო ღობე და დაზიანებული საკანალიზაციო მილი, რომლის აღდგენაც ინციდენტიდან 1 საათში ოპერატიულად მოხდა.

 

თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა 04.10.15
თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა 04.10.15

ბეთლემის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება და აღნიშნულ მისამართზე 13 ბინათმესაკუთრე ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი