ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც სააღდგომო წირვას ტაძრებში დაესწრნენ, თვითიზოლაციაში დარჩენას ურჩევს.
ამის შესახებ მან გუშინ, 18 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
„იმ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოწოდებები მთავრობის, ჯანდაცვის სისტემისა და ექიმების და მაინც მივიდნენ [წირვაზე] – არამგონია, რომ მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად 0-მდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც მათ შესაძლოა, შეექმნათ,“ – ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, ეკლესიებში გუშინ ღამე „იყო სოციალური დისტანცირების დაცვის მცდელობა“, თუმცა, ეს რეკომენდაცია იდეალურად დაცული არ იყო.
„ხვალ და ზეგ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე, დღეს ვინც იყო ეკლესიებში ხვალ ვერ მოახდენს რაიმე გავლენას.. ეს გამოჩნდება, მომდევნო 2 კვირის მანძილზე,“ – დასძენს ცერცვაძე.
გუშინ საღამოს ეკლესიათა ნაწილმა ღამის სააღდგომო წირვა ჩაატარა, მათ შორის, მრევლი შეიკრიბა სამების საკათედრო ტაძრებში. ეკლესიებში ხალხს დაურიგეს პირბადეები და ისინი ერთმანეთის მოშორებით ისხდნენ, თუმცა, მრევლის ნაწილი საერთო კოვზით ეზიარა.
ქუთაისში კი ლიტანიობა ბაგრატის ტაძარში ყოველგვარი ყოველდგვარი დისტანციის გარეშე ჩატარდა. ეკლესიათა ნაწილში სააღდგომო წირვა დღეს დილი 7 საათზე ჩატარდა.
წაიკითხეთ ასევე:
საქართველოში 19 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 394 შემთხვევა დასტურდება, აქედან 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.