ახალი ამბები

“ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია” – პატრიარქის ეპისტოლე

18 აპრილი, 2020 • 2179
“ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია” – პატრიარქის ეპისტოლე

ილია მეორე სააღდგომე ეპისტოლეში ეხმაურება კორონავირუსის პანდემიასაც და აღნიშნავს, რომ ამ საკითხმა ახალი რეალობა შექმნა.

“უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ  წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პატრიარქი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

“უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”, – აღნიშნულია ეპისტოლეში, რომლის სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ.

ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ “არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის”:

“ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.

გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი… და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.”

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყველაერი “ღმერთის ხელშია”, თუმცა სიფრთხილე საჭიროა.

“რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს,  რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული”, – აცხადებს პატრიარქი.

პატრიარქი ეპისტოლეში მადლობას უხდის ხელისუფლებას და ექიმებს, ასევე მრევლს:

“მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი