ახალი ამბები

“სირცხვილია” ონლაინ აქციას მართავს

18 აპრილი, 2020 • 2106
“სირცხვილია” ონლაინ აქციას მართავს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ონლაინ აქციას, სახელწოდებით “გამოდი სახლში” მართავს. აქციის ორგანიზატორების თქმით ისინი სხვადასხვა საკითხს აპროტესტებენ, მათ შორის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც საპატრიარქოს უფლებას აძლევს სააღდგომო ლიტურგია მრევლის დასწრებით ჩაატაროს:

“ჩვენ დავრჩით სახლში, თუმცა ვნახეთ ხელისუფლების უუნარობა საპატრიარქოს მიმართ, რაც სოციალური დისტანცირებით, ეკონომიკური შეზღუდვებითა და თითოეული ჩვენგანის სახლში დარჩენით მიღებულ ეფექტს სრულიად აუფასურებს.

ჩვენ გვახსოვს არსებული ხელისუფლების დემოკრატიისთვის მავნე ნაბიჯები და არსებული კრიზისის დროს თვალს ვადევნებთ მათ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანთა ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ხელისუფლების ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი არ არის მათი ძირითადი საზრუნავი: ტროლ გვერდები ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებით, კვლავ გამალებით ესხმიან თავს აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ აზრს, ხელისუფლება უსწორდება პოლიტპატიმრებს და განაგრძობს კლანურ მმართველობას”, – წერია აქციის აღწერაში.

აქცია დღეს, 18 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი