ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას ჯერ კიდევ გაზაფხულზე დათანხმდა.
მინისტრმა ელჩსა და საღამოს სტუმრებს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა. როგორც კალაძე აცხადებს, გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება. მინისტრის თქმით, კანცლერის ვიზიტი საქართველოში გერმანიის მხარდაჭრის ცალსახა გამოხატვა იქნება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის კედლის გაერთიანებით ისტორიულმა სამართლიანობამ გაიმარჯვა.
“გერმანია მთელი მსოფლიოსათვის მაგალითად იქცა. ის ჩვენი ქვეყნისათვის ყოველთვის განსაკუთრებული პარტნიორი იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე მრავალ ათეულ წელს ითვლის. სიმბოლურია, რომ გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა. ეს ყველაფერი საქართველოში პირველი გერმანული დასახლების 200 წლისთავს უკავშირდება. განსაკუთრებული იმედით ველოდებით კანცლერის, ანგელა მერკერის ვიზიტს საქართველოში,”- განაცხადა კახა კალაძემ.
3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანებიდან 25 წელი გავიდა. სწორედ, ამ თარიღის აღსანიშნავად სასტუმრო “რედისონში” გერმანიის საელჩოს ინიციატივით სპეციალური მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, ბეტინა კადენბახმა სტუმრებს სიტყვით მიმართ. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიის მეგობრობას დიდი და მტკიცე ისტორია აქვს.
“მომავალ წელს გერმანია კიდევ ერთ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამჯერად საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავს. გერმანია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ჩემთვის როგორც ელჩისათვის საამაყოა საქართველოში ყოფნა და იმისი განცდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გულწრფელობასა და ნდობაზეა დამყარებული,”- განაცხადა ბეტინა კადენბახმა.
გერმანია 1990 წლის 3 ოქტომბერს გაერთიანდა და გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქად კვლავ ბერლინი გამოცხადაა. ამას წინ უძღოდა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დანგრევა, რომელიც ქვეყანას 2 ნაწილად ყოფდა. აღმოსავლეთ გერმანიის ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) კომუნისტურმა მთავრობამ კედლის აღმართვა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო. ბერლინის კედელი 28 წლის მანძილზე იყო აღმართული და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანი მოკლეს კედლის მეორე მხარეს გადასვლის მცდელობისთვის.