ახალი ამბები

სახელმწიფოსთვის ბრძოლა კანონის დაცვაზე გადის, დარჩით სახლში – ზურაბიშვილი

17 აპრილი, 2020 • 585
სახელმწიფოსთვის ბრძოლა კანონის დაცვაზე გადის, დარჩით სახლში – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს, 17 აპრილს მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

“კანონის დაცვა არის აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე. ძალიან კარგად მესმის და არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ აღდგომას შესაძლოა, ვერ შევხდეთ ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოიცავს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას, რომლებიც დაემორჩილნენ კანონს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მან აღდგომამდე ორი დღით ადრე იმიტომ გადაწყვიტა საგანგებო მიმართვის გავრცელება, რადგან ქვეყანა კრიზისის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში შედის.

“ახლა ჩვენი სახლემწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ამ პერიოდის დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების ექიმების აგფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება. პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას.

ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ. თუ დაწვრილებით ვერ გავთლით როდის იქნება ეს პიკი, უნდა გვესმოდეს, რომ პიკი გარდაუვალია და ეს დაავადება შესაძლოა ყველას შეეხოს”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობა ყველა აუცილებელ ნაბიჯს დგამს ვირუსთან საბრძოლველად და შესაბამისად, ის მხარს დაუჭერს მთავრობის მიმართვას საგანგებო მდგომარეობის დამატებით, 10 მაისამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

17 აპრილის 21:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პირი გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი