ახალი ამბები

პრემიერი: აშშ-ის უნივერსიტეტში ასწავლიან, რომ ღვინის წარმოება პირველად საქართველოში დაიწყო

4 ოქტომბერი, 2015 •
პრემიერი: აშშ-ის უნივერსიტეტში ასწავლიან, რომ ღვინის წარმოება პირველად საქართველოში დაიწყო

“რამდნეიმე წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთ ადამიანთან მქონდა შეხვედრა და მე მინდა ეს ისტორია მოგიყვეთ… ამერიკის (კალიფორნია) ერთ-ერთ უნივერსიტეტში ღვინის ისტორია იწყება საქართველოთი. ანუ ღვინის ისტორიას საქართველოს ისტორიით ასწვალიან. იქ ასწავლიან, რომ ღვინის წარმოება პირველად სწორედ საქართველოშ დაიწყო 8 ათასი წლის წინ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ჩვენთან დღემდე შემორჩენილი და შემონახულია ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები. ეს არის ქვევრის ღვინო, რომელსაც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს მოხდა გასულ წელს და, სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ამ სტატუსს მივაღწიეთ.

 

მე მინდა ასევე მივესალმო დელეგაციას ჩინეთიდან, რომლებიც ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ  ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული ღონისძიებები გაატარა იმისთვის, რომ ღვინის წარმოების დარგი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს.


“კიდევ ერთხელ შევახსენოთ მსოფლიოს, რომ ღვინის აკვანი საქართველოა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ დივერსიფიკაციის მიმართულებით. სწორედ ამის შედეგად ჩვენ დავიბრუნეთ რუსეთის ბაზარი, ანუ ქართული ღვინო დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე. ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგი არის ის, რომ გაიზარდა ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ყაზახეთი – 68 პროცენტით, პოლონეთი 85 პროცენტით, ჩინეთი – 107 პროცენტით, ლატვიაში 50 პროცენტით, ესტონეთში – 35 პროცნეტით, ბრიტანეთში – 46 პროცენტით, ხოლო იაპონიაში – 110 პროცენტით. ეს ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად მოხდა.

 

ჩვენ გავამკაცრეთ და კიდევ უფრო გამკაცრებას ვაპირებთ ღვინის ხარისხის კონტროლის. ეს არის აუცილებელი, რათა არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ღვინის ხარისხი განსაკუთრებით გაუმჯობესდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი