ახალი ამბები

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სასამართლოში 19 ოქტომბერს შედგება

2 ოქტომბერი, 2015 •
რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სასამართლოში 19 ოქტომბერს შედგება

დღევანდელი მოსამზადებელი პროცესის დასასრულს მოსამართლე თამაზ ურთმელიძენ მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ასევე, სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენას წლები ჭირდება.

 

მან მხარეებს მიმართა, რომ როდესაც კრიტიკის საფუძველი არ არსებობს კორექტულები იყვნენ.

 

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობები მოსამზადებელი სხდომის გადადებისა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შესახებ.


 

მოსამართლემ  დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც ტელეკომპანიის 2005-2006 წლების ფინანსური აუდიტი გააკეთა. ექსპერტი 19 ოქტომბრის პროცესზე დაიკითხება.


 

“რუსთავი 2–ის” ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სასამართოლოზე დაყენებული თიქმის 10 შუამდგომლობიდან ეს იყო ერთადერთი, რომელიც მოსამართღლემ დააკმაყოფილა.

 

“ეს არის ექსპერტის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა. რაღაც უზენაერი ირონიის განცდა არსებობს ალბათ ბუნებაში, ამ ექსპერტის გვარი არის ივანაშვილი, ის არის მთავარი ექსპერტი ამ საქმეში, რომელსაც ქიბარ ხალვაშს უნდა, რომ დაეყრდნოს და ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2”

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ამბობს, რომ ამ საექსპერტო დასკვნაში საუბარი არის რუსთავი 2–ის წილების საბაზრო ღირებულებაზე 2005–2006 წლის პერიოდში.

 

საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლის არსებითი განხილვა 19 ოქტომბერს დაიწყება.

 

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღდეგ სარჩელი სასამართლოში  2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა.  ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და  მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2 -ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს. 

 

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაღადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა. 

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა,  რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა და თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 

ტელეკომპანიამ მაყურებლებს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა და საბანკო ანგარიშების მონაცემები გაავრცელა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი