ახალი ამბები

ცერცვაძე: მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი

16 აპრილი, 2020 • 1857
ცერცვაძე: მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, უახლოესი დღეების მანძილზე საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის განვითარების სცენარი მრევლის ხელშია:

“ახლა ბანალურ რამეს ვიტყვი, გვჭირდება, შემოვიდეს ნაკლები პაციენტი. ეს დამოკიდებულია, პირველ რიგში, საზოგადოებაზე, უახლოსი სამი დღის მანძილზე, პირველ რიგში, მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი” ,- ამბობს ცერცვაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

ცერცვაძის მსგავსად, ეკლესიაში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძეც.

გამყრელიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სთხოვა, წელს სააღდგომო ლიტურგიას ტაძრებში არ დაესწრონ და სახლიდან ილოცონ:

“ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების თქმა – არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები სენითა და ზარალით გამოვალთ სიტუაციიდან. პირველად ვაკეთებთ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – თქვა გამყრელიძემ.

პაატა იმნაძემ კი აღნიშნა, რომ ეს გადარჩენისთვისაა აუცილებელი:

” მე მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ჩვენი ერი გადარჩეს. გავიგოთ ეს. ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, როიმ ჩვენი ეკლესია გადარჩეს”.

მიუხედავად ამგვარი რეკომენდაციების და მოწოდებებისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის აღნიშვნის წესს არ ცვლის.

ამის შესახებ 15 აპრილს, საღამოს  საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააღდგომო რიტუალი მრევლთან ერთად ჩატარდება და მორწმუნეებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, ტაძრებში მივიდნენ 21.00 საათამდე და დატოვონ ეკლესიები დილის 06.00 საათზე – ანუ არ დაარღვიონ კომენდატის საათი. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით ეკლესია ხელისუფლებასთან შეთანხმდა.

ვრცლად საპატრიარქოს გადაწყვეტილების შესახებ წაიკითხეთ:

დიდ ეკლესიებში დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიებში, მხოლოდ სასულიერო პირები —მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი