ახალი ამბები

არ წახვიდეთ ეკლესიებში, მეტი გადარჩება და ღმერთი გვაპატიებს – გამყრელიძე

16 აპრილი, 2020 • 1851
არ წახვიდეთ ეკლესიებში, მეტი გადარჩება და ღმერთი გვაპატიებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ეკლესიებში არ წავიდნენ და თავშეყრის ადგილებს თავი აარიდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კორონავირუსი უფრო გავრცელდება და ქვეყანას მეტი მსხვერპლი ეყოლება.

გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო სამი დღეა საქართველოში ნახტომივით იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ, საშიშროება კი იმაზე მეტია, ვიდრე საზოგადოება ითავისებს.

„თუ ამ ტემპით წავალთ, როგროც დღეს არის, ე.წ. მოჭერის ღონისძიებებით – მაისის ათისთვის შეიძლება გვქონოდა 2000-2500 დადასტურებული შემთხვევა და თუ მოვეშვით… უკვე ჩანს, რომ მოვეშვით და ეს მეტად მოსალოდნელია ამ 4 დღის განმავლობაში. თუ მოვეშვებით, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5- 7 ან 8 ათას ინფიცირებულამდე.

ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება. ეს არ გამოჩნდება მეორე და მესამე დღეს, იმიტომ, რომ სიმპტომები 4-5 დღის შემდეგ ვლინდება, ეს 4 დღე იქნება გადამწყვეტი.

ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების თქმა – არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან.

ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები სენითა და ზარალით გამოვალთ სიტუაციიდან. პირველად ვაკეთებთ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის 336 შემთხვევაში დადასტურდა – ბოლო 24 საათში მაჩვენებელი 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

თუმცა სამედიცინო პერსონალი და NCDC მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ სოციალური დისტანციის რეკომენდაცია დაცული არ იქნება, დაავადებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება. მათ შორის, არის პაატა იმნაძეს, რომელმაც გუშინ თქვა:

„ მე მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ვთქვათ უარი ერთხელ ამ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ჩვენი ერი გადარჩეს. გავიგოთ ეს. ნუ წახვალთ ეკლესიაში, თუნდაც იმიტომ, როიმ ჩვენი ეკლესია გადარჩეს”,

იმნაძე: ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს

მასალების გადაბეჭდვის წესი