გორის საკრებულოში სულ 15 წევრია, აქედან 6 კოალიცია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, რომელმაც უმრავლესობა დაკარგა, ხოლო 9 – ოპოზიციურ პარტიებს. ძეგლის დადგმას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.
საკითხის განხილვის წინადადებით საკრებულოს გორის მერიამ მიმართა 18 სექტემბერს, რომელსაც, თავის მხრივ, საკითხის გადაწყვეტის თხოვნით ორგანიზაცია “გორელებმა” მიმართა.
ორგანიზაცია “გორელების” მიერ მერიაში წარდგენილი საპროექტო ნახაზების მიხედვით, ძეგლი სტალინის სახლ-მუზეუმის წინ მდებარე სკვერში უნდა დაიდგას. ეს ადგილი არა მუზეუმს და, შესაბამისად, კულტურის სამინისტროს, არამედ გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია.
სტალინის 6-მეტრიანი ძეგლი, რომელიც ორ მილიონადაა შეფასებული, გორის მერიის ბალანსზეა. ეს ძეგლი, ბრინჯაოს ქანდაკება, 1952 წელს სტალინს სიცოცხლეშივე დაუდგეს მშობლიური გორის ცენტრში, საიდანაც წინა ხელისუფლების ინიციატივით, 2010 წლის ივნისში აიღეს.
კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ კომუნისტურ-ტოტალიტარული პროპაგანდისტული სიმბოლის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა დაუშვებელია, თუმცა კანონის აღსრულების არაეფექტური სისტემის გამო მის საფუძველზე ჯერ არც ერთი ასეთი სიმბოლო არ აღმოფხვრილა.








