ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ინფოცირებულთა რაოდენობა 2 ათასს მიაღწევს:
„ჩვენ გვაქვს გათვლები, რომელსაც ჩვენ ვეძახით დინამიკურსა და ერთმომენტიანს. საშუალო სიმძიმისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული პაციენტი და ცუდ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით, 4 ათასი დადასტურებული შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია“, – ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, თუ მომავალ ორ კვირაში ხელისუფლება დაინახავს, რომ არის თუნდაც 2 ათასი დადასტურებული შემთხვევა, „ჩვენ იძულებული ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და ვმართოთ ყოველივე უმკაცრესი ხერხით“.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ.
ტიკარაძე ინტერვიუში, რომელიც მან „პალიტრანიუსს“ მისცა, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს.
„ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ის ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით“, – ამბობს ტიკარაძე.
ტიკარაძე ამბობს, რომ ამ კომპონენტის დამატება იმ აპლიკაციაშიც განიხილება, რომელიც სამინისტრომ დღეს წარადგინა. საუბარია მობილურ აპლიკაციაზე, სახელად – Stop Covid, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან.