ახალი ამბები

COVID-19-ის ქართულენოვანი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია

16 აპრილი, 2020 • 3288
COVID-19-ის ქართულენოვანი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია

ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან თუ ჰქონდათ კონტაქტი, უკვე ხელმისაწვდომია.

აპლიკაცია საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარუდგინა.

აპლიკაციის გადმოწერა IOS-ის მომხმარებლებს App Store-დან STOP COVID, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებს Google Play-დან NOVID20 სახელწოდებით შეუძლიათ.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გადმოწერის შემდეგ, აპლიკაციაში მომხმარებლების რეგისტრაცია საჭირო არაა, შესაბამისად, მას არ აქვს წვდომა პსერონალურ ინფორმაციაზე.

აპლიკაცია მომხმარებილის მოწყობილობას უნიკალურ ID-ს ანიჭებს და ბლუთუზისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მოწყობილობების უნიკალურ ID-ს იმახსოვრებს, რომლებმაც მის სიახლოვეს 10 წუთი ან მეტი დაჰყვეს:

“თქვენი Stop Covid აპლიკაცია ანონიმურად იმახსოვრებს სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შემთხვევებს, თუ კონტაქტი ახლო დისტანციაზე გაგრძელდა გარკვეული დროით (10 წთ-ზე მეტხანს). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაიშიფრება და შეინახება მხოლოდ თქვენს ტელეფონში”, – ვკითხულობთ აპლიკაციის ინსტრუქციაში.

იმ შემთხვევაში კი, თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება, კონფიდენციალურობის დაცვით, ამავე აპლიკაციაში უნდა მიუთითოს, რომ ინფიცირებულია, რის შემდეგაც შეტყობინებას მიიღებს ყველა სხვა მომხმარებელი, რომლებსაც მასთან 10 წუთით ან მეტი დროით ჰქონდათ კონტაქტი:

“თუ პირს, რომელთანაც კონტაქტი გქონდათ ბოლო 5 დღის განმავლობაში, დაუფიქსირდება COVID-19-ის ინფექცია, თქვენ ამის შესახებ გეცნობებათ აპლიკაციის საშუალებით. ამის შემდეგ თქვენ სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანოებს.

თუ თქვენ თავად დაინფიცირდებით COVID-19-ით, აპლიკაციის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ინფექციის შეტყობინება“. ბოლო 5 დღის განმავლობაში თქვენი ანონიმური კონტაქტების შესახებ ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის მისაწოდებლად მიყევით ინსტრუქციას.

აღნიშნული პროცესის დროს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა გააზიაროთ ინფორმაცია იმ ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც მოხდა კონტაქტი. გადამოწმების შემდეგ სამინისტრო, აპლიკაციის დახმარებით, შეტყობინებას გაუგზავნის აღნიშნულ პირებს. ამ გზით თქვენ აქტიური წვლილი შეგაქვთ კორონავირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტაში” ,- აღნიშნულია ინსტრუქციაში.

აპლიკაცია ქართულ მხარეს ავსტრიულმა კომპანიებმა დაუმზადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი