“ძალიან მერიდება, მაგრამ პირველად მინდა გთხოვოთ დაეხმარეთ რუსთავი 2-ს… ჩვენთვის ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დაეხმარეთ რუსთავი 2-ს და მისი სახით ამ ქვეყანაში პლურალისტური მედიის და თავისუფალი აზრის შენარჩუნებას. პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის და ყველგან დავიცავთ თქვენ ინტერსებს, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან. და არასდროს დაგტოვებთ მარტო პირისპირ მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელსაც დღეს ქართული დემოკრატიისთვის განაჩენი გამოაქვს”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მან ასევე წარმოადგინა რუსთავი 2-ის საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.
Posted by Nika Gvaramia on Thursday, October 1, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.
როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ხალვაშის სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია საქართველოს წილი სხვა პირმა იყიდა, რაც, ასევე, იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.
საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც 29-30 სექტემბერით თარიღდება, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.
ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით შემდგეგი გრაფიკით:
2015 წლის 5 ოქტომბრამდე – 700 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის ოქტომბრის თვეში – 600 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის ნოემბერი – 700 ათასი აშშ დოლარი;
2015 წლის დეკემბერი – 1 მლნ აშშ დოლარი;
არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა – 3 მილიონი აშშ დოლარი.