ახალი ამბები

მინდელი: საჯარო რეესტრი ელოდა, როდის აიღებდა ქიბარ ხალვაში ახალ განჩინებას სასამართლოდან

1 ოქტომბერი, 2015 •
მინდელი: საჯარო რეესტრი ელოდა, როდის აიღებდა ქიბარ ხალვაში ახალ განჩინებას სასამართლოდან

“ჩვენ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს დავიწყეთ ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია. იყო სრულიად თითიდან გამოწოვილი, აბსურდული მიზეზი საჯარო რეესტრიდან და ეს მიზეზი მათი კაპრიზების გათვალისწინებით აღმოვფხარით. უკვე 30-ში მათ არ ჰქონდათ არანაირი საფუძველი, არ მოეხდინათ ამ კონკრეტული ხელშეკრულების რეგისტრაცია. უკვე 24 სთ-ზე მეტი გადის და კიდევ არ ვიცით არანაირი პასუხი, თუმცა ამ დროს მედიასაშუალებებით ვიგებთ, რომ თურმე ტელეკომპანია “საქართველოს” წილებს აყადაღებს ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაში, რაც აბსურდული და ასევე სრულიად გაუგებარია, რადგან ტელეკომპანია “საქართველოს” წილები საერთოდ არ წარმოადგენდა არანაირ დავის საგანს”, – განაცხადა მინდელმა.

 

როგორც დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატისგან, პაატა სალიასგან გახდა ცნობილი, 29 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება “საქართველოს” მფლობელ ძმებ ყარამანიშვილებსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას, დიმიტრი ჩიქოვანს შორის, რომლის მიხედვითაც ჩიქოვანმა 400 ათას აშშ დოლარად იყიდა “საქართველოს” წილები, ხოლო რუსთავი 2-ში 51%-იანი წილისთვის 6 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად:

 

“რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, შემიძლია გითხრათ, რომ აქ მხოლოდ ამ ხელშეკრულების თანხმად, გარდა ნასყიდობის ღირებულებისა, კიდევ დამატებით უნდა მომხდარიყო 6 მილიონის საწესდებო კაპიტალში შენატანის გაკეთება და ეს პირიქით, მხოლოდ გაზრდილი ღირებულებით წარმოაჩენდა უკვე რუსთავი 2-ს და ეს არ უნდა ყოფილიყო არანაირად პრობლემა და არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა თუნდაც ქიბარ ხალვაშს მომავალ დავებთან დაკავშირებით. თუმცა ცალსახაა ის, რომ საჯარო რეესტრი ელოდებოდა, როდის მოახერხებდა ქიბარ ხალვაში ახალი განჩინების აღებას სასამართლოსაგან, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო თავიდან ბოლომდე ჩართული არის ერთგვარად, აი, ამ კონკრეტული ხელშეკრულების თუ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ,” – აცხადებს მინდელი.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით მას ტელეკომპანია წაართვეს.

შოთა მინდელი
შოთა მინდელი

მასალების გადაბეჭდვის წესი