ახალი ამბები

ნიკა გვარამია: თეა წულუკიანი პასუხს აგებს მისივე უწყების უკანონო გადაწყვეტილებაზე

1 ოქტომბერი, 2015 •
ნიკა გვარამია: თეა წულუკიანი პასუხს აგებს მისივე უწყების უკანონო გადაწყვეტილებაზე

იგი ამისათვის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს:


“საჯარო რეესტრმა ორი დღის განმავლობაში არ დაარეგისტრირა ეს ტრანზაქცია, მაშინ, როცა ვალდებული იყო, რომ იმ დღესვე დაემთავრებინა რეგისტრაციის პროცესი. ორი დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება… მინისტრი წულუკიანი არ იყო საქართველოში, მის გასაგონად ვამბობ, რომ მას ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის, იგი ისევეა ამ ყველაფერში ჩარეული, როგორც ბატონი ივანიშვილი და აუცილებლად აგებს პასუხს მისივე უწყების ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ამ წუთამდე არ გამოუტანია არავითარი გადაწყვეტილება. კანონით ჯერ კიდევ ორი დღის წინ იყო ვალდებული, რომ გამოეტანა. რეესტრმა განახორციელა უკანონო კომუნიკაცია მესამე პირებთან. დღეს თუ ხალვაშის ადვოკატი ასაჯაროებს იმ კონტრაქტის დეტალებს, რომელსაც მე ახლა პირდაპირ ეთერში გიყვებით, შეუძლებელია მან საიდანმე იცოდეს ეს, გარდა საჯარო რეესტრიდან უშუალო მითითებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ეს აქცია არის დაგეგმილი და ორკესტრირებული ხელისუფლების მიერ”, – განაცხადა გვარამიამ.


 

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მოთხოვნით უკვე აქამდეც დაყადაღებული იყო რუსთავი 2-ის წილები და ქონება.


როგორც ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, ხალვაშის სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია საქართველოს წილი სხვა პირმა იყიდა, რაც, ასევე, იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც 29-30 სექტემბერით თარიღდება, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით შემდგეგი გრაფიკით:

 

2015 წლის 5 ოქტომბრამდე – 700 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის ოქტომბრის თვეში – 600 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის ნოემბერი – 700 ათასი აშშ დოლარი;

2015 წლის დეკემბერი – 1 მლნ აშშ დოლარი;

არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა – 3 მილიონი აშშ დოლარი.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია საქართველოს წილის დაყადაღებაზე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც დაწერა ფეისბუკში: “3 საათზე ბრიფინგი პირდაპირ ეთერში. ხელისუფლებამ გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე საუკეთესო წლის პირველივე დღეს, რუსთავი 2 დახურა. შემსრულებლები: ქიბარ ხალვაში და სამარცხვინო მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.”


 


მასალების გადაბეჭდვის წესი