ახალი ამბები

გიორგი არეშიძის დიპლომი სახელმწიფოს მიერ არაა აღიარებული

1 ოქტომბერი, 2015 •
გიორგი არეშიძის დიპლომი სახელმწიფოს მიერ არაა აღიარებული

წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია განათლების სამინისტრომ 1992 წლის 7 აგვისტოს მიანიჭა. მაშინ სასწავლებელს თბილისის სასწავლო ეკონომიკური ინსტიტუტი ერქვა. როდესაც 2010 წლიდან უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი დაიწყო, ამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ მიუღია.


თუმცა სტუდენტებმა, რომლებიც ავტორიზაციის პროცესამდე ჩაირიცხნენ წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში, დაამთავრეს ის. მას შემდეგ სტუდენტთა ახალი ნაკადი არ მიუღიათ.


ამჟამად, წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, როგორც მისი დირექტორი ამბობს, საარქივო საქმიანობას ეწევა – კურსდამთავრებულების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს გასცემს დამსაქმებლებისთვის.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის დირექტორის, მერი კახიაშვილისადმი 2015 წლის 10 თებერვალს მიწერილ წერილში წერია, ლიცენზირებული სასწავლებელების, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2005-2006 წლებამდე გაცემული დიპლომები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. 

 

შესაბამისად, როგორც უნივერსიტეტის დირექტორი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ავტორიზაციის გამოცხადების შემდეგ გაცემული დიპლომები, მათ შორის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის, რომელიც 2010 წელს ჩაირიცხა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2014 წელს დაამთავრა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის.

 

კითხვით, რა განსხვავებაა ლიცენზირებული და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებში აღიარების კუთხით, ნეტგაზეთმა განათლების სამინისტროს განათლაების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა, მაგრამ ცალსახა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ აქვთ. 

 

“ავტორიზაცია საქართველოში 2010 წლის სექტემბრიდან იწყება. განათლების სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ავტორიზებული საგანამანათლებლო დაწესებულებების დიპლომები არის აღიარებული. მაგრამ 1991 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა რეჟიმი იყო, ლიცენზირება, ინსტიტუციური აკრედიტაცია, ამ წლების განმავლობაში დაწესებულებებმა შეიცვალეს სახელები. ზოგი ლიკვიდირებულია, ზოგს ჰყავს სამართალმემკვიდრე. იყო პერიოდი, როდესაც ლიცენზირებული აღიარებას ნიშნავდა, ეს ცოტა რთული საკითხია. თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული დიპლომის ნამდვილობაზე მოგვმართოთ. ყველაფერი იმ რეგულაციებზეა დამოკიდებული, რომელიც იმ წლებში მოქმედებდა”, – აცხადებს ნინო წერეთელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. 

 

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულომ კახი კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე 2014 წლის 24 ოქტომბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი